„ფრესკომ“ წააგო სასამართლო დავა, სადაც შრომითი უფლებების დარღვევაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გამოაცხადა.
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ სასამართლოში უჩიოდა facebook-გვერდის „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორს გიორგი ლაბაძეს და ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ facebook-გვერდზე 2017 წლის 7 თებერვალს „ფრესკოს“ თანამშრომლების სახელით გამოქვეყნდა ინფორმაცია ამ სუპერმარკეტების ქსელში შრომითი უფლებების დარღვევისა და არსებული სიტუაციის შესახებ.
„ფრესკოს” თანამშრომლების სამუშაო საათები კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური – 400 ლარამდე… პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ „მეტობა”, ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით”, – ესაა ამონარიდი facebook-სტატუსიდან. ვრცლად იხილეთ ბმულზე.
გიოგრი ლაბაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კომპანია „ფრესკო“ ამტკიცებდა, რომ ვინაიდან სოციალურ ქსელში კომპანიაში არსებული შესაძლო დარღვევები გახდა ფართო განხილვის საგანი, თითოეული მოქალაქის კომენტარი და გამოხმაურება უნდა მიჩნეულიყო კომპანიის მიმართ ზიანის მიმყენებელ გარემოებად.
დავა სასამართლოში 2017 წლიდან დაიწყო. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა და გიორგი ლაბაძის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც.
ადვოკატის თქმით, მოსარჩელის შეფასებები შემოიფარგლა იმით, რომ გიორგი ლაბაძის უკან იყო კომპანიის კონკურენტი ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი ტიპის – შრომითი უფლებების შესახებ განცხადებების ტირაჟირებით თითქოს ლაბაძე ხელს უწყობდა „ფრესკოს” სამომხმარებლო ბაზრიდან გასვლას. „ეს იყო მათი ოფიციალური არგუმენტი, თუმცა ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ წარმოდგენილი… “, – ამბობს კაიკაციშვილი.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, ადვოკატის თქმით, „ფრესკოს” თავის სასარჩელო მოთხოვნაში არ დაუყენებია საკითხი, გამოკვლეულიყო იმ ადამიანიების კონკრეტული ვინაობები, ვინც გიორგი ლაბაძეს ამ ინფორმაციას აწვდიდა. ადვოკატი ამბობს, რომ ლაბაძის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებებს თავისი შინაარსით კომპანია მიიჩნევდა, რომ იყო ცილისწამება.
„ეს საქმე სუპერმარკეტების ქსელებში, მეტიც მომსახურების სფეროში დასაქმებული ყველა თანამშრომლის გამარჯვებაა“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი. ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს სტრატეგიული სამართალწარმოებისთვის მნიშვნელოვან „ქეისს”, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არც თუ მდიდარ სასამართლო პრაქტიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც არის საკმაოდ სენსიტიური სფერო და სადაც ყოველდღიურად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა პრეცედენტი და უთხრა სასამართლომ ყველა მსგავს ვითარებაში მყოფ კომპანიასა და იქ დასაქმებულს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, არის კონსტიტუციური პრინციპი და პროტესტი, ამ უფლებების დარღვევაზე, არის კონსტიტუციური უფლება. შესაბამისად, სასამართლომ შექმნა მნიშვლოვანი პრეცედენტი“, – ამბობს ადვოკატი.
„ჩემ აზრით, საზოგადოებრივ აზრთან და პრობლემატიკასთან ბმამაც გამოიწვია სასამართლოს ასეთი დამოკიდებულება. „ფრესკო” კი ამბობდა, თავისებული დასაბუთებით, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ყველაფერი აღრიცხული გვაქვს და უკმაყოფილო არავინ არაა, იყო ასეთი განცხადებებიც, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით თუ რა ხდება შრომით უფლებებთან დაკავშირებით სუპერმარკეტებში და ეს გაითვალისწინა სასამრთლომ საბოლოო ჯამში“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას გიორგი ლაბაძე.
3 წლის წინ, 2017 წლის თებერვალში „ადამიანის უფლბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აფასებდა „ფრესკოში“ არსებულ სიტუაციას. ორგანიზაციის განმარტებით ისინი შეფასებისას ეყრდნობოდნენ როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე, კომპანიების მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებულ ახსნა-განმარტებებს.
EMC წერდა, რომ დასაქმებულების ინფორმაციით მათ მძიმე სამუშაო პირობებს განსაზღვრავს 60 საათიანი სამუშაო კვირა, არანააზღაურებადი/არასათანადოდ ანაზღაურებული ზეგანაკვეთური შრომა, სხვადასხვა ფუნქციის თანადროული შეთავსების ვალდებულება, კომპანიის მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით, დასაქმებულთა უშუალო ბრალეულობის გარეშე შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა, რაც ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს და არაპროგნოზირებადს ხდის მათი თვიური შემოსავლის ოდენობას. დამატებით პრობლემად იკვეთება შიდა რეგულაციების გაუმჭვირვალობა და კომპანიის მხრიდან დაქვითვის მიზეზისა და მისი ოდენობის განსაზღვრის დაუსაბუთებლობის საკითხი.
ამასთან, 2017 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა „ფრესკოს“ წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.
„შპს „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. შპს „ფრესკოს“ განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა“, – წერდა ომბუდსმენი.
აღნიშნულ საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ფრესკოს“ დააკისრა 2000 ლარის ჯარიმა და დაავალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების სრულად განადგურება.
„ფრესკოს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექცია ფრესკოში არსებულ სიტუაციას შეისწავლიდა.
კომპანია „ფრესკოს“ ინფორმაციით, ინსპექტორებმა 2017 წლის ივნისის თვეში განახორციელეს „ფრესკოს“ 8-ვე სუპერმარკეტში ინსპექტირება. „ინსპექტირების შედეგად, შრომის ინსპექციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენი მხრიდან სრულად არის გათვალისწინებული“, – წერდა „ფრესკო“.