„წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, გერმანია და მისი ევროპელი მოკავშირეები არ უნდა გაურბოდნენ ახალი გლობალური წესრიგის რეალობას.
„ვშიშობ, ეს კიდევ უფრო პირდაპირ უნდა ვთქვათ. ეს წესრიგი, რაც არ უნდა არასრულყოფილი ყოფილიყო ის თავისი აყვავების ხანაშიც კი, ამ ფორმით აღარ არსებობს“, – განაცხადა ფერმანიის კანცლერმა.
უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას ფრიდრიხ მერცმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკის ეპოქაში „ჩვენი თავისუფლება გარანტირებული არ არის“ და ევროპელები მზად უნდა იყვნენ „მსხვერპლის გაღებისთვის“.
მერცმა ევროპას მოუწოდა, გამოიყენოს „ზეწოლა“ „რაღაც კარგის“ შესაქმნელად.
კანცლერმა ისაუბრა აშშ-ზეც და განაცხადა, რომ „ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ღრმა ნაპრალი გაჩნდა“.
„ლიდერობა პარტნიორობაში – დიახ. ჰეგემონური ფანტაზიები – არა. დიდი სახელმწიფოების ეპოქაში ჩვენი თავისუფლება აღარ არის მოცემულობა. მას საფრთხე ემუქრება. ამ თავისუფლების დასამკვიდრებლად საჭირო იქნება სიმტკიცე და ნებისყოფა“, – თქვა მერცმა.
ამავდროულად, მისი განცხადებით, ევროპამ თავი უნდა დააღწიოს აშშ-ზე გადამეტებულ დამოკიდებულებას და ხაზგასმით აღნიშნა:
„ჩვენ ამას NATO-ს ჩამოწერით არ გავაკეთებთ“.
გერმანიის კალნცლერმა ასევე განაცხადა, რომ „აშშ არ არის საკმარისად ძლიერი მარტო მოქმედებისთვის“.
„ავტოკრატიებს შეიძლება ჰყავდეთ მიმდევრები, დემოკრატიებს კი ჰყავთ პარტნიორები და მოკავშირეები. დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში ამერიკის შეერთებული შტატებიც კი არ იქნება საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ მარტო იმოქმედოს. ძვირფასო მეგობრებო, NATO-ს წევრობა მხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობა არ არის. ეს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობაა. ასე რომ, მოდით, ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
კანცლერმა ასევე მიუთითა იმ გაკვეთილებზე, რომელიც მისმა ქვეყანამ ნაცისტური გერმანიის მიერ ევროპის დიდი ნაწილის ოკუპაციის გამოცდილებიდან მიიღო:
„ჩვენ, გერმანელები, აღარასოდეს ვიმოქმედებთ მარტო. ეს არის მარადიული გაკვეთილი, რომელიც ჩვენი ისტორიიდან ვისწავლეთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას მეზობლებთან ერთად – მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.
მარტო მოქმედმა აშშ-მა საკუთარი ძალაუფლების ზღვარს მიაღწია და შესაძლოა უკვე დაკარგა კიდეც გლობალური ლიდერის როლი“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც. სწორედ ამ დროს დაიმსახურა მან დარბაზიდან ყველაზე დიდი აპლოდისმენტები.
„MAGA მოძრაობის კულტურული ომი ჩვენი ომი არ არის. სიტყვის თავისუფლება ჩვენთან იქ მთავრდება, სადაც ეს სიტყვა ადამიანის ღირსებისა და ძირითადი კანონის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ არ გვჯერა ტარიფების და პროტექციონიზმის, ჩვენ გვჯერა თავისუფალი ვაჭრობის. ჩვენ ერთგულნი ვართ კლიმატის შეთანხმებებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“, – თქვა მან.
მან მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, აღიაროს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო გამოფიტვა იმ დონემდე, რომ იგი მზად იყოს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად.
ფრიდრიხ მერცმა ასევე თქვა, რომ უკრაინის ომმა „აიძულა ევროპა, დაბრუნებულიყო მსოფლიო ისტორიის შვებულებიდან. ჩვენ ერთად შევედით ეპოქაში, რომელიც კიდევ ერთხელ ხასიათდება ძალაუფლებითა და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით“.
მერცმა ასევე გაამჟღავნა, რომ მან გამართა პირველადი მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, საფრანგეთის „ბირთვულ ქოლგაში“ გაწევრების შესაძლებლობის შესახებ, რითაც ხაზი გაუსვა თავის მოწოდებას ევროპისადმი, შეიმუშაოს უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი უსაფრთხოების სტრატეგია.
ფრიდრიხ მერცმა თავის სიტყვით გამოსვლაში გამოყო რამდენიმე სფერო, რომელთაც ევროპამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რათა გახდეს უფრო უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში.
„კონკურენტუნარიანობის პოლიტიკა არის უსაფრთხოების პოლიტიკა. უსაფრთხოების პოლიტიკა კი – კონკურენტუნარიანობის პოლიტიკა. ორივე ჩვენს თავისუფლებას ემსახურება“, – თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 10-ჯერ აღემატება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, ბლოკის გლობალური გავლენა ამ მაჩვენებელს არ ასახავს.
„ჩვენი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია არ გამოგვიყენებია ის საჭირო დონით. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს გონებაში გადართვა მოვახდინოთ“, – აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ:
- გერმანიამ და ევროპამ მეტი უნდა გააკეთონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
- მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რომ რაც შეიძლება მალე აქცევს გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე ძლიერ კონვენციურ არმიად ევროპაში. “ხშირად მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – რაც შეიძლება სწრაფად, ბუნდესვერს ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად გადავაქცევთ. არმიად, რომელიც მტკიცედ დგას, როცა ეს აუცილებელია“, – განაცხადა მან.
- ფრიდრიხ მერცმა ხაზი გაუსვა ახალ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავს ქსელებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაზრდას ჰიბრიდული თავდასხმების მიმართ.
- გაიმეორა მოწოდება მედეგი მიწოდების ჯაჭვების შექმნისა და ნედლეულზე, ძირითად ტექნოლოგიებსა და პროდუქტებზე ცალმხრივი დამოკიდებულების შემცირებისკენ
- მოითხოვა ევროპის თავისუფალი დემოკრატიული წესრიგის უკეთესი დაცვა შიდა და საგარეო საფრთხეებისგან და ევროპის სადაზვერვო სამსახურების გაძლიერება.