„ფროსფერითი" 6 დეკემბრიდან დაყადაღებამდე პერიოდის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

„ფროსფერითი ჯორჯია” აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც, ფონდისვე განცხადებით, მოიცავს საქმიანობას ფონდის საქმიანობის დასაწყისიდან დაყადაღებამდე.

ფონდის განცხადებით:

  • 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 14 მარტამდე შემომწირველთა რაოდენობა იყო: 559 იურიდიული და ფიზიკური პირი;
  • სულ შემოსული სახსრები: 1 246 622 ლარი;
  • სულ გაცემული სახსრები: 941 995 ლარი;
  • დახმარება გაეწია: 351 მოქალაქეს;
  • გადახდილი გადასახადები: 226 615 ლარი;
  • შემოწირული თანხების 97% შემოიტანეს რეზიდენტმა კომპანიებმა და მოქალაქეებმა;
  • შემოწირული თანხების 3% შემოვიდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების შემოწირულობებით. (გერმანიაში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტი, ემიგრანტები ამერიკიდან);
  • შემოწირული სახსრების 41% შემოვიდა საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკიდან – „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“, რომლებთანაც ფონდმა გააფორმა ბენეფიციარების დაფინანსების მემორანდუმი, გაცხადებული მიზნების ფარგლებში.

ფონდის ბენეფიციარები:

  • სამედიცინო, იურიდიული და ფინანსური დახმარება მიიღო 351-მა მოქალაქემ;
  • 20 დაშავებულ მომიტინგეს ჩაუტარდა მკურნალობა, მათ შორისაა სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ოპერაციები;
  • გადახდილია 160 ადმინისტრაციული ჯარიმა;
  • პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ 127 საჯარო მოხელეს გაეწია ფინანსური დახმარება;
  • დაკავებულთა 44 ოჯახმა მიიღო ფინანსური დახმარება.

ფონდის მიზნები (ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული): 

  • საპროტესტო მოძრაობის დროს დაშავებულთა მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს დაკავებულთა ოჯახების ფინანსური დახმარება;
  • მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს ფიზიკურ პირებზე დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა;
  • პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების ფინანსური მხარდაჭერა.

„ფროსფერითი ჯორჯია“ ასევე აცხადებს, რომ ის დაარსდა 2024 წლის 12 აგვისტოს და მისი მიზანი იყო რეგიონული სუბიექტების მხარდაჭერა სხვადასხვა ბიზნეს პროექტების შემუშავებაში.

„საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია გადაერთო ქველმოქმედებაზე. ფონდის მთავარი მიზანი გახდა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ამ მძიმე პერიოდში ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფონდის მიზნები გაცხადებული იყო მაშინვე, როდესაც ორგანიზაციამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და ეს პროცესი იყო ცნობილი როგორც საზოგადოებისთვის, ისე ყველა შესაბამისი უწყებისთვის, მათ შორის პროკურატურისთვის.

პროკურატურის მხრიდან მინიშნებაც კი არ ყოფილა, რომ ფონდების საქმიანობას დანაშაულებრივ ჭრილში განიხილავდა.

ორგანიზაცია, უკვე ოთხი თვეა, მუშაობს იმ მიზნების ფარგლებში რა მიზნებიც, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თებერვლის მეორე ნახევრიდან ჩაითვალა დაყადაღების საფუძვლად.

ის განცხადებები, რომ თითქოს ფული სხვა მიზნებს ხმარდებოდა, არის სრული ტყუილი”. – აცხადებს ფონდი.

17 მარტს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დააყადა იმ ფონდების ანგარიშები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს, ასევე, პროტესტის მხარდაჭერის გამო საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

დაყადაღება მოხდა „საბოტაჟზე“ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც პროკურატურისადმი ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

საგამოძებო უწყებამ დააყადაღა „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „ადამიანის უფლებათა სახლის”, ასევე „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის” და „სირცხვილიას” ანგარიშები და ანგარიშებზე განთავსებული თანხები.