ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ რამ განაპირობა 1 თებერვლიდან არასასურსათო ვაჭრობის სფეროს აღდგენა და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა ამ ეტაპზე კომპრომისულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს და, ჯერჯერობით, ძალაში რჩება.

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები არის ის სფერო, რომლებსაც ყველაზე პირველებს ვხსნით. 1-ელ თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნებიან. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა. პირველი, რომ წინასაახალწლო დღეებში დავაკვირდით და მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა და იმის მიუხედავად, რომ 2 მილიონამდე ადამიანი გაატარეს იმ დროისთვის სავაჭრო ქსელებმა, ამის გამო დიდი აფეთქება არ გვქონია. გვჯერა, რომ ახლაც იმავენაირად, მაღალ დონეზე იქნება პასუხისმგებლობა.

მეორე გარემოებაა, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას (თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა), ამიტომ რიგში პირველია ეს ბიზნესი. რა თქმა უნდა, გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, რადგან ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა”, განაცხადა მინისტრმა.