რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ფსბ) აცხადებს, რომ „აღკვეთა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე კიდევ ერთი აფეთქების მცდელობა”.
ფსბ ამბობს, რომ ბომბი უკრაინაში საქართველოს გავლით წაიღეს.
კერძოდ, ფსბ-ის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა „ჩადებული იყო „შევროლეტ ვოლტში“, რომელიც რუსეთში უკრაინიდან საქართველოს გავლით ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა.
რუსეთი წერს, რომ იგეგმებოდა მანქანის მიწოდება კერძო გადამზიდის მიერ მართული ავტომზიდით კრასნოდარის მხარეში.
ფსბ-ის თანახმად, ამის შემდეგ ეს მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა და ყირიმში ყირიმის ხიდის გავლით შესვლის შემდეგ „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად გადაიქცეოდა“.
ფსბ აცხადებს, რომ მათ „მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა“ და ასევე დააკავეს ყველა პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა”.
კიევს და თბილისს ფსბ-ის ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ასაფეთქებელი ნივთიერებების უკრაინაში საქართველოს გავლით შეტანის შესახებ მოსკოვმა 2022 წელსაც განაცხადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა.
მაშინ რუსეთმა დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის 3 მოქალაქე.
გარდა ამისა, ბრალი წარუდგინეს ალექსანდრე ინასარიძეს – 2024 წელს რუსეთმა ის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ტელეკომპანია „პირველი” მაშინ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რომ რუსეთის საგამოძიებო მასალებში მოხსენიებული სატვირთო ავტომანქანა ეკუთვნის ინასარიძის დედას, რომელიც რუსეთის ვერსიას სისულელეს უწოდებს.
„ქართული ოცნების” მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ აფეთქებასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენდა. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მის მშენებლობას უკანონოდ მიიჩნევს, ხოლო 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ხიდი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე იყო.
უკრაინას მისი დაზიანების ერთ-ერთი ბოლო მცდელობა მიმდინარე წლის ივნისში ჰქონდა, თუმცა, ხიდს სერიოზული ზიანი არ მისდგომია.