„ფსევდოლიბერალების აგრესია“ - მდინარაძე ჯაღმაიძის განცხადების კრიტიკაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის საქმეზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დღევანდელი ბრიფინგის დასრულების შემდგომ გამოეხმაურა.

„ეკლესიის წარმომადგენელმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა „ფეისბუქ“ პოსტი, თავისი ნააზრევი და ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, სინამდვილეში კი, ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე, გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარეში, ამ პოსტზე რეაქციებში, იმის გამო, როგორ გაბედა საპატრიარქოს წარმომადგენელმა თავისი აზრის დაფიქსირება.

ალბათ წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდით, თუ მათი გაგებით ლიბერალიზმი, წარმოადგენდა ყველაზე აგრესიული რიტორიკის საფუძველს, ეს არ არის ლიბერალიზმი და მითუმეტეს, ეს არ არის არც ჰუმანური მიდგომა, არც ტოლერანტული, არც თავისუფალი აზრის პატივისცემა, არც გამოხატვის და ა.შ. ეს არის ფსევდოლიბერალური აგრესია, ეს არის მათი ქმედების სათაური და მტრობა ეკლესიის, შენი იდენტობის, შენი სამშობლოსი და შენი ქვენის, როდესაც თავს ესხმი თავისუფალ სიტყვას, აზრს, ეკლესიას.

მგონი, პირველად არ გაუგიათ არც მათ და არც ჩვენ ის, რაც თქვა იმ კონკრეტულმა ადამიანმა, საუბარია საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელზე, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ აგრესია, ზიზღი, სიძულვილი შობს ახალ აგრესიას, ზიზღს, დაგმო ქალის მიმართ ძალადობა და საპატრიარქოს განცხადებაც მსგავს ლეგიტიმურ, მორალურად სწორ მიზნებს ემსახურებოდა. თუკი ვინმე გააკრიტიკა რომელიმე წარმომადგენელმა, ეს მასზე თავდასხმის საფუძველი არ არის. კრიტიკა არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უნდა დაესხა თავს და მითუმეტეს, რუსეთის აგენტი ეძახო. ეს უბრალოდ ეკლესიის სიძულვილი, მტრობა და შესაბამისად, შენი ქვეყნის სიძულვილი და მტრობაა. დაიმახსოვროს ყველამ, რომ ლიბერალიზმის საფარქვეშ ვერ შეფუთავენ ფსევდოლიბერალურ აგრესიას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის დედათა მონასტერში შეჭრასა და მონაზონზე ძალადობას 26 ნოემბერს გამოეხმაურა.

ჯაღმაიძე წერს, რომ მოქალაქეებს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებაში „მასმედიის ზოგიერთი საშუალება“ უწყობს ხელს, რომლებიც მისი შეფასებით, გამალებულ და ორგანიზებულ ანტიეკლესიურ კამპანიას ეწევიან.

ასევე, ჯაღმაიძის თქმით, მოსახლეობაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს ზოგიერთი, თეოლოგისა და ექსპერტის მოსაზრება, რომ ქვეყნის ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს. ამას მოჰყვა კიდეც მონასტერში შეჭრა და ძალადობა.