„ფსევდოპატრიოტული ისტერია“ | მდინარაძე პოზნერის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მისთვის დაუჯერებელია ის გაბრაზება, რაც ტურისტული მიზნით პოზნერის საქართველოში ყოფნას მოჰყვა.

„პირდაპირ გეტყვით ერთ რამეს, ჩემთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო და ცუდი იყო ძალიან მათი რეგულაციების დარღვევა. ძალიან კარგია, რომ ამაზე მყისიერი რეაგირება იყო. ამ ნაწილში ბევრს დავეთანხმები, მაგრამ ის ფსევდოპატრიოტული ისტერია იმ ხალხისგან განსაკუთრებით, რომლებმაც დღეს, მაგალითად, გიორგი კანდელაკი აირჩიეს მთავარ სპიკერად, ომის ვითომ საქართველოდან დაწყების გამპრავებელი, ეს ფსევდოპატრიოტული ისტერია მათი მხრიდან არის წარმოუდგენელი და მარაზმში გადავდივართ უკვე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი, ეს არის მოგონილი პატრიოტიზმი.

რაც შეეხება უხერხულობას, უხერხულობას ნამდვილად უნდა უქმნიდეს ყველას მოგონილი ამბებით მანიპულირება. მოდი, გავაკეთოთ ასე – რუსი ტურისტები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, მაშინ ყველანი ავკრძალოთ, საერთოდ. მათ იგივე განცხადება აქვთ, იგივე წარმოდგენები. ჟიგიმანტასი სამი კვირის წინ საქართველოში ჩამოსული აცხადებდა, რომ აფხაზეთი უკვე დაკარგეთ, მაგრამ ნუ დაკარგავთ იმედსო. მაშინ ამ ხალხის არშემოსვლაზეც ვიფიქროთ.

ვერ ვიჯერებ მათ გაბრაზებას, ტურისტული მიზნით ჩამოსული პოზნერის საქართველოში ყოფნის გამო. ვერ ვიჯერებ, თორემ პოზნერის ის განცხადება, რომელიც, თუ არ ვცდები, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა, რომ არის უკიდურესად ცუდი ამ ქვეყნისთვის და მიუღებელი კატეგორიულად, ეს ბუნებრივი ამბავია, ამას ვინ გაურბის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი, რომელიც  ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი იმ რესტორანთან მივიდნენ, სადაც ტელეწამყვანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელის“ დატოვება. მოგვიანებით აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და ქვეყანა გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ  დააჯარიმა, ასევე, სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.