ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარების უმძიმესი უფლებადარღვევების შემთხვევებს და სახელმწიფო უწყებებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ წარმართვისკენ, ხოლო მის დასრულებამდე ინსტიტუციების ბენეფიციარების უფლებებისა და უსაფრთხოების ეფექტიანი დაცვისკენ მოუწოდებს.
ომბუდსმენმა 11 მაისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ისაუბრა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სისტემურ გამოწვევებზე.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ანგარიშში მოცემული უმძიმესი ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ და ეფექტიან ნაბიჯებს საჭიროებს.
„უდავოა, რომ ინსტიტუციონალიზაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და უგულებელყოფაზეა დაფუძნებული. ამ სისტემის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ინსტიტუციის პაციენტის ორსულობა თვეების განმავლობაში ვერ დაადგინა, ხოლო პაციენტმა საპირფარეშოში, სხვების დახმარების გარეშე, იმშობიარა.
აღნიშნული შემთხვევა, ისევე, როგორც ანგარიშში აღწერილი სხვა გარემოებები, მაგალითად, პაციენტის საწოლზე დაბმა, ბენეფიციარებს შორის ძალადობის შემთხვევები და დაწესებულების მიერ მისი პრევენციის შეუძლებლობა, მკურნალობის მოძველებული მეთოდების გამოყენება, სომატური ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის არარსებობა ან არასათანადოობა, ღირსების შემლახველი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ინსტიტუციებში მცხოვრები პირებისათვის ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
ფსიქიატრიულში პაციენტმა დაუხმარებლად საპირფარეშოში იმშობიარა – ომბუდსმენი
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანგარიშში აღნიშნული შემთხვევები ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნის მხოლოდ ერთ-ერთ წახნაგს წარმოადგენს. დიდი ზომის ინსტიტუციების ფუნქციონირებითა და წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დეინსტიტუციონალიზაციის განუხორციელებლობით ასობით ადამიანის უფლებები და ღირსება უმძიმესად ილახება. განსაკუთრებით ფსიქიატრიული დაწესებულებების ე.წ. ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
„აღნიშნული გამოწვევების საპირწონედ, სახელმწიფოს წლების განმავლობაში არ მიუღია ზომები დეინსტიტუციონალიზაციის დროული და ადამიანის უფლებების შესაბამისი პროცესის განხორციელებისათვის. სათემო სერვისების, მათ შორის, თემში არსებული საცხოვრისის სერვისების მწირი განვითარების გამო, ბენეფიციარები იძულებულები არიან, საჭიროების გარეშე, ფაქტობრივად იცხოვრონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომლის გარეშე პროცესის წარმართვა ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის დარღვევისა და ამ მხრივ პოლიტიკის არასწორად განხორციელების საფრთხეებს ქმნის. პოლიტიკის ჩარჩოს არაეფექტიანობის პარალელურად, სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები ინსტიტუციონალიზაციის აკრძალვის სფეროში საკანონმდებლო სტანდარტის დაწესების მიზნით – საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე, “- ამბობენ EMC-ში.
ფსიქიატრიულში ქალებს არ აქვთ პირადი ტანსაცმელი და თეთრეული, მათ შორის, საცვლები – ომბუდსმენის ანგარიში
EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
- ჯეროვნად გამოიკვლიონ ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციართა უფლებადარღვევის ფაქტები და მიიღონ რეაგირებითი ზომები. ამ მიზნით, უზრუნველყონ მონიტორინგის სისტემის დანერგვა და ფუნქციონირება, რომელიც პროაქტიულად და რეგულარულად განახორციელებს მონიტორინგს, სიღრმისეულად შეისწავლის უფლებების შესაძლო დარღვევების შემთხვევებს, ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ამგვარ ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გადადგმული ნაბიჯების შესახებ;
- დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელებამდე, უზრუნველყონ ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოთი და მოახდინოს მათი უფლებების განმეორებით შელახვის ეფექტიანი პრევენცია;
- უმოკლეს ვადაში შეიმუშავონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომელიც ბენეფიციარების ინდივიდუალური საჭიროებების კვლევაზე იქნება დამყარებული და მხედველობაში მიიღებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს;
- დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განავითარონ საცხოვრისისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზაციისათვის არსებითი თემზე დაფუძნებული სერვისები.