პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ. მან მოხსენების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარები მცირე ზომის დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, რამდენიმე თვეში ბედიანში 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება იქნება. მან ასევე თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დაწყებულია.
„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა მინიმუმ გასაორმაგებელია.
…კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“ – თქვა მან.