Financial Times-ის ცნობით, უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
გამოცემის თანახმად, უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების ცნობით, კიევი დათანხმდა შეთანხმებაზე ხელმოწერას მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი მოპოვების შესახებ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა თავის მოთხოვნაზე, შეთანხმებიდან $500 მილიარდის პოტენციური შემოსავალი მიეღო.
შეთანხმების საბოლოო ვარიანტი, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება და FT-მა ნახა, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50%-ს გამოყოფს. ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინაში სხვადასხვა პროექტში ინვესტირებისთვის.
The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების Naftogaz-ისა და Ukrnafta-ს ოპერაციებზე.
თუმცა, გამოცემის თანახმად, შეთანხმებაში ლაპარაკი არ არის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე, რის ჩაწერასაც კიევი ითხოვდა. დამატებით, ისეთი საკითხები, რაც არის აშშ-ის წილი ფონდში და შეთანხმების „ეთობლივი საკითხების” ნაწილი გადაუწყვეტელი რჩება და შემდგომი მოლაპარაკებების საგანი იქნება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა FT-ს უთხრეს, რომ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ის ასევე უნდა დაამტკიცოს უკრაინის უმაღლესმა რადამ.
გამოცემის წყაროების თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი, უახლოეს კვირებში, სავარაუდოდ, აშშ-ში ჩავა და შეთანხმებას დონალდ ტრამპთან ერთად ხელს თეთრ სახლში მოაწერს.
FT-ის წყაროებისვე ცნობით, მიღწეული შეთანხმება არის მხოლოდ „ჩარჩო შეთანხმება“ და რომ არავითარი შემოსავლები არ გადაირიცხება, სანამ თავად ფონდი არ ჩამოყალიბდება.