„ფულის გამოძალვის მიზნით ხელყუმბარა ისროლეს“ | შსს-მ 2 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ჯგუფურად დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს: 2001 წელს დაბადებული ს.ა. და 2006 წელს დაბადებული ი.ხ.

„მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქის ეზოში, დაშინების გზით, ფულის გამოძალვის მიზნით, ხელყუმბარა ისროლეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე დაზარალებულს საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დაუკავშირდნენ და სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ პირებს გამოძალვაში დახმარებას ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ა.- და ი.ხ. უწევდნენ. საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 -181-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.