ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ პირველ ეტაპზე უცხოური ვალუტის შემოტანა ხდებოდა მანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, რომელთა მეშვეობით, შემდგომ ეტაპზე, აღნიშნული თანხების მიტანა ხდებოდა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში“, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ფულის გათეთრების საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ 16 სექტემბერს გაავრცელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული“, – აცხადებდა პროკურატურა.