პროკურატურამ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დავით ფურცხვანიძე დააკავა, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.
„საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს თავის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს – „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნახეს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.
დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ „სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.
დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ „Whats App“-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით”, – წერს პროკურატურა.
უწყება ასევე საუბრობს სასამართლოში მისი გამოკითხვის შესახებ.
„პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები. მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით”, – წერს პროკურატურა.
თამარ ბაჩალიაშივლის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, დავით ფურცხვანიძე არის ის პირი, რომელმაც მას ე.წ. სატელიტის ფოტოები მიაწოდა.
როგორც რამიშვილი ამბობდა, აღნიშნული ე.წ. სატელიტის ფოტოებით მტკიცდება, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შემდეგ დღეებში – 19 და 20 ივლისს, თამარის ავტომანქანა იმ ადგილზე არ ჩანს, სადაც ის 23 ივლისს იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ აღნიშნულ ფოტოებზე ექსპერტიზა დანიშნა, და მათი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, „მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი”. უწყებამ ამის შემდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.