ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არასერიოზულია - ვოლსკი „პატრიოტთა ალიანსზე“

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ამ თემაზე უნდა დაიწყოს მოკვლევა და ეს აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

„არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე საერთო აქვს პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითად ბირთვს, ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას – არავითარი საერთო არ აქვს. ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, ეს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მით უმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია“,- განაცხადა ვოლსკიმ.


პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს. საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე,  ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს.

„დოსიეს“მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან. ეს არის სამუშაო ფინანსური დოკუმენტები და ანგარიშები. სწორედ ამ დოკუმენტებში ფიგურირებს „პატრიოტთა ალიანსი“.

„დოსიეს“ საგამოძიეობო სტატიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვეს. „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.

31 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება განსახილველად აუდიტის სამსახურს გადაუგზავნეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.