G7-ის შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს შორის საქართველო არ არის

პუბლიკა

G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ უკრაინის, მოლდოვის და ინდონეზიის წარმომადგენლები. მიწვეულთა სიაში საქართველო არ არის.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამდღიანი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია.

„სამდღიანი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს მისცემს დროსა და სივრცეს, რომ გადადონ თავიანთი რუტინული პოლიტიკური საქმეები და განიხილონ, როგორ შეუძლია G7-ს გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთის სასტიკი ომის დასასრულებლად, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 7 აპრილს ბრიუსელში G7-ის არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო, თუმცა G7-ის ლიდერებს ახლა ექნებათ შესაძლებლობა მასთან სიღრმისეული დისკუსიისთვის.

„სტუმრების სიაში ასევე არის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ომის დაწყებიდან მოლდოვა ძალიან ბევრს მუშაობდა, განსაკუთრებით უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე და მათზე ზრუნვაზე. დიდი შვიდეულის პარტნიორებისთვის ასევე ძალიან ღირებულია ქვეყნის შეფასებები რეგიონში არსებული ვითარების შესახებ“, – წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რატომ არ იყო მიწვეული საქართველო შეხვედრაზე? – ამ კითხვით „პუბლიკამ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.