„გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველს" — ომბუდსმენის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად უარყოფს აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს.

დემონსტრანტებისთვის მიუღებელია იოსელიანის განცხადება, თითქოს აქციაზე დაკავებული ასობით ადამიანის წამებაზე არ უთქვამს, რომ „სისტემურია“ და რომ მას არ სჯერა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების.

„ის არა ხალხის, არამედ რეჟიმის დამცველია“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„ვისაც რამე გაეგება ადამიანის უფლებების, ყველამ თქვა, რომ ეს იყო სისტემური წამება და მთავარი ქართველი უფლებადამცველი ვინც უნდა იყოს, ის ამბობს, მე ვერ ვნახე, რატომ არის წამება სისტემურიო.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს კორუფციისა და ნეპოტიზმის დამკვირდებას და ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეიძლება, ასრულებდეს ომბუდსმენის მაღალ ფუნქციას”. – ამბობს იურისტი საბა ბრაჭველი.

აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა აქციაზე სამგლოვიარო თაიგული – „ვენოკი” მიიტანა.

„გუშინ და გუშინწინ სახალხო დამცველმა ძალიან გამოიჩინა თავი. თქვა, რომ წამება თურმე არ ყოფილა სისტემური და ნაწამებ ადამიანებს შეიძლება რაღაცები მოეჩვენათ.

დღე, როცა სახალხო დამცველის ოფისთან მოდიან აქციით ადამიანები, რომლებიც პოლიციის მხრიდან წამებას დაექვემდებარნენ, არის სახალხო დამცველის აპარატის დაკრძალვის დღე, ამიტომ მოვიტანე ე.წ ვენოკი და დავდებ აქ იმის ნიშნად, რომ ე.წ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დაასამარა სახალხო დამცველის ინსტიტუტი”. – თქვა ელენე ქაიხოსროშვილმა.

აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან 3 მუყაოს ყუთით მიიტანეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები.

„მან თქვა, რომ არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან მისთვის არავის სამხილი არ მიუტანია. მე გავიარე „სამართლიან არჩევნებში”, მოვუტანე ამ ორგანიზაციის ანგარიში და ამას მისაღებში ჩავაბრებ.

ასევე, მხოლოდ „კოალიცია ცვლილების” ოფისში გავიარე, სხვაგან წასვლა ვერ მოვასწარი – ეს არის მხოლოდ ერთი კოალიციის მიერ შეგროვებული მასალა გაყალბების. ამას კანცელარიაში ჩავაბარებ და მინდა, რომ ლევან იოსელიანმა შეისწავლოს ამ მასალის შინაარსი და გაგვცეს პასუხი, გაყალბდა თუ არა არჩევნები“. – თქვა სოფო შამანიდნმა.