„გაამკაცრე კანონი! დასაჯე მკვლელი!“ - პარლამენტთან ცხოველების უფლებების დასაცავად აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„გაამკაცრე კანონი! დასაჯე მკვლელი!“ – ამ გზავნილებით მიმდინარეობს პარლამენტთან აქცია, რომელზეც მოქალაქეები კანონის გამკაცრებას და ცხოველებზე ძალადობის და მკვლელობის ფაქტების შეწყვეტას მოითხოვენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები თავიან ცხოველებთან ერთად არიან შეკრებილები და სხვადასხვა გზავნილის საპროტესტო ბანერები აქვთ მიტანილი.

„ძალადობა ხდება ცხოველებზე, ეს თემა კატასტროფამდეა მისული, ასე ვთქვათ. ქუჩაში უამრავი ძაღლია, არ ისჯება არავინ. ვინც ამ ძაღლებზე ზრუნავს, იმათზე მიდის პერმანენტული ზეწოლა, ლამის ხელით შეეხონ… არაერთი ძაღლი და ფისო აწამეს. სახელმწიფოდ ხომ უნდა შევდგეთ? ჩვენ აქ ადამიანის უფლებების დასაცავად ვართ შეკრებილნი და ცხოველების უფლებების დასაცავად. თუ ეს ყველაფერი არ მიიღებს კანონიერ ფორმას და მკვლელი, მოძალადე არ იქნება დასჯილი, არც ევროპული და არც ქართული მომავალი არ გაგვაჩნია. როგორც წესი, საქმეს აღძრავენ და არავინ ისჯება, ან ისჯება სიმბოლურად. კანონმდებლობაც უნდა შემუშავდეს, ცხოველებზე ორიენტირებული. ადამიანი უნდა მოვაწესიგოთ კანონით და არა ცხოველი“, – განაცხადა „პუბლიკასთან“ მარინა ბერსენაძე-კაციტაძემ, ცხოველების უფლებადამცველმა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა, კანონის გამკაცრება და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ცხოველების ხოცვა-წამების დასრულება. შესაბამისად, პარლამენტს მოვუწოდებთ, დროულად კანონი მიიღონ და ის გაამკაცრონ. შსს-ს მოვუწოდებ, ყველა დამნაშავე დააკავონ ბოლო 10 დღეში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, მიშა კაჭკაჭიშვილმა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ცხოველებზე ძალადობის, მინიმუმ, 7 შემთხვევა გახმაურდა. არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-მ ვიდეოც მოამზადა, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამ შემთხვევების შესახებ საუბრობენ და ცხოველების უფლებების დაცვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.