გააორმაგეთ შრომა ინფორმირებისთვის - გახარია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დაწესებულების შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა. ასევე მან განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, ყველა მომსახურება მიეწოდებათ თანაბრად.

„ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ძალზედ მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა ამ რეგიონში, რომელ რეგიონშიც ისინი ცხოვრობენ, თითოეული მომსახურება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში – ჯანდაცვის, ეკონომიკის, მიეწოდებათ თანაბრად.  მოგეხსენებათ, რომ ისეთი საიტი, როგორიც არის Stopcov.ge თარგმნილია სამ ენაზე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმ რეგიონებში, სადაც  ჩვენთან ერთად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ“, – განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ გააორმაგონ შრომა, რათა მოქალაქეებამდე მივიდეს ყველა საჭირო ინფორმაცია.

მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ მაქსიმალურად გააორმაგონ შრომა, იმისთვის, რომ თითოეულ ამ მოქალაქეს მივუტანოთ ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის შეღავათი, რომელიც წესდება.

მინდა დავავალო გუბერნატორებს, რომ ამ მიმართულებით  გადადგან ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ ქვეყანაში დაწესებულების შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების ნაწილი წინასწარ გაცხადებულ ვადებზე ადრე მოიხსნება. მაგალითად, ხვალიდან დაშვებული ხდება ყველანაირი სამშენებლო ბიზნესის საქმიანობა, ასევე ავტოსარემონტო ბიზნესის საქმიანობა. 5 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება ბათუმსა და ქუთაისში.