2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფეისბუქზე გააქტიურდა ხელოვნური მხარდაჭერის შემქმნელი და ოპონენტთა მადისკრედიტირებელი გვერდების ქსელი, რომელსაც ულტრამემარჯვენე პარტია „ქართული იდეა“ მართავს. ამის შესახებ ანგარიშს ISFED ავრცელებს.
მათი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციისა და აგრესიის გაღვივების მიზნით, აღნიშნული ქსელი მკვეთრად ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, მიზოგინიურ და ძალადობრივი შინაარსის პოსტებს ავრცელებს და გამომწერების აზრზე ზეგავლენის მოსახდენად გვერდები სისტემატურად მანიპულირებენ საზოგადოების რელიგიური და ნაციონალისტური გრძნობებით.
„ქართული იდეის“ კოორდინირებული ქსელი 11 გვერდისგან შედგება, საიდანაც 5 ანონიმურია, დანარჩენი კი პარტიის ღია მხარდამჭერი. გვერდები „ლიბერალიზმი კლავს“, „ახალგაზრდული“, „პოლიტიკური ნაკვალევი“, „დიდ ხარ შენ უფალო“ და „ქართული გვერდი“ შეფარულად მოქმედებენ, თითქოს ისინი რელიგიური, ნაციონალისტური ან ზოგადად პოლიტიკური მოვლენების გამშუქებელი გვერდები არიან. თუმცა, ისინი არაკეთილსინდისიერად იყენებენ პლატფორმის შესაძლებლობებს და პარტიის ღიად მხარდამჭერ გვერდებზე გამოქვეყნებულ მასალას კოორდინირებულად ავრცელებენ“, – წერს ISFED.
მათი თქმით, CrowdTangle-ით გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, შექმნის დღიდან 7 ივნისის ჩათვლით, „ქართული იდეის“ კოორდინაციული ქსელის ჯამური ინტერაქცია 3.83 მილიონია და ჯამში, მოცემულ გვერდებს 216,191 გამომწერი ჰყავთ.