„გაასაჯაროვეთ პროექტის ყველა დეტალი" — მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა" Eagle Hills Georgia-ს წერილით მიმართავს 

პუბლიკა

მოძრაობა „ქართული რესპუბლიკა” Eagle Hills Georgia-ს წერილით მიმართავს და პროექტის დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს.

ღია წერილი მოძრაობამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა, ხოლო ორშაბათს, 10 ნოემბერს, 16:00 საათზე მოძრაობის წევრები მას ოფისში მიიტანენ.

წერილში ნათქვამია:

„ვეცნობით რა თქვენ მიერ დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს — Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina, ვაცნობიერებთ, რომ საუბარია მილიარდობით დოლარის ინვესტიციაზე. თუმცა, ქართველი ხალხისთვის ეს, უპირველეს ყოვლისა, არა ფინანსური, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის — ეროვნული, დემოგრაფიული, კულტურული და ეკოლოგიური საკითხია.

საქართველოს საზოგადოება ღრმად შეშფოთებულია იმ საფრთხეებით, რომლებიც უკვე მკაფიოდ იკვეთება. ჩვენთვის მთავარი საკითხი არის მასობრივი მიგრაცია, რომელსაც ეს პროექტები გამოიწვევს — როგორც მშენებლობის ეტაპზე, მოსალოდნელი ათობით ათასი უცხოელი მუშახელის შემოყვანის, ასევე შემდგომში ამ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მჭიდრო დასახლებების გაჩენის სახით. ჩვენ ვართ უძველესი კულტურის მცირერიცხოვანი ერი და ჩვენთვის დემოგრაფიული ბალანსის დარღვევა ეროვნული კატასტროფის ტოლფასია.

ამასთან, ჩვენ შევისწავლეთ თქვენი კომპანიის საქმიანობის საერთაშორისო გამოცდილება. სამწუხაროდ, თქვენი რეპუტაცია არაერთ ქვეყანაში სკანდალურია. პროექტები სერბეთში (Belgrade Waterfront), ხორვატიაში, ალბანეთსა და უნგრეთში (გაუქმებული “მინი-დუბაი“) პირდაპირ ასოცირდება გაუმჭვირვალე გარიგებებთან, კორუფციის ეჭვებთან და საზოგადოებრივი პროტესტის უგულებელყოფასთან.

აქვე, აუცილებლად მივიჩნევთ, გაცნობოთ:

თქვენ გარიგებას დებთ არა ქართველ ხალხთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან და მისდამი დაქვემდებარებულ მთავრობასთან — ჯგუფთან, რომელსაც ქართული საზოგადოების საჭირო მხარდაჭერა ამ პროექტის განხორციელებისთვის არ გააჩნია.

ნებისმიერი კულუარული გარიგება, რომელიც დადებულია ქართველი ხალხის ზურგს უკან, მისი თანხმობის გარეშე, არ იქნება ლეგიტიმური. როდესაც საქართველოში ხალხის მმართველობა დამყარდება, ყველა ასეთი შეთანხმება უმკაცრესად გადაიხედება.

სანამ საბოლოოდ ჩაერთვებით საეჭვო პოლიტიკური რეპუტაციის მქონე ჯგუფთან გარიგებაში, გთავაზობთ ერთადერთ სწორ გზას:

1. სრული გამჭვირვალობა: დაუყოვნებლივ გაასაჯაროეთ პროექტთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელი შეფასება (EIA), მიწის გადაცემის პირობები და შრომითი რესურსების მოზიდვის გეგმა.

2. ხალხის ნების პატივისცემა: შეაჩერეთ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, სანამ არ შედგება ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და არ იქნება მიღწეული ეროვნული კონსენსუსი. გამართეთ საჯარო მსჯელობები ჩვენთან, ქართველ ხალხთან.

ეს ჩვენი მიწაა. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აქ არაფერი აშენდება”.

არაბული დეველოპერული კომპანიის, „იგლ ჰილს ჯორჯიას“ გაყიდვების ოფისი და შოურუმი კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის პირველ სართულზე განთავსდა. შოურუმი „ქართული ოცნების” წევრებმა 21 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, „იგლ ჰილსი“ საქართველოში ორ გიგანტურ პროექტს განახორციელებს: თბილისში, კრწანისში – 600 ჰექტარზე ახალი „მწვანე ქალაქის“ და ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე – 250 ჰექტარზე „პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი“.