გაატარეთ სათანადო ზომები სავარაუდო თავდამსხმელებზე - GDI

პუბლიკა

ორგანიზაცია GDI ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტებზე ჰომოფობიური შინაარსის თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს შსს-ს, გაატაროს სათანადო ზომები სავარაუდო თავდამსხმელთა წინააღმდეგ.

„რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. თავდასხმის მიზეზი ცისარტყელას ფერებში გაფორმებული სამკლაური გახდა, რომელიც სალომე ბარკერს ეკეთა და რომელიც თავდამსხმელთა განცხადებით, პროვოკაციული იყო.  შსს-მ  აქციის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ სამოქალაქო აქტივისტები განარიდა“, – წერია განცხადებაში.

მათი თქმით, ეს არ არის სამოქალაქო პირებზე ფალავანდიშვილთან დაკავშირებული ჯგუფების თავდასხმის პირველი შემთხვევა, რაზეც შსს-ს რეაგირება არ ჰქონია.

„ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის გურამ ფალავანშვილთან დაკავშირებული ჯგუფების გააქტიურებისა და სამოქალაქო პირებზე თავდასხმის პირველი ფაქტი, თუმცა, სამწუხაროდ, შსს-ს არცერთ მსგავს შემთხვევაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია. აშკარაა, რომ ხელისუფლება თავს არიდებს, ე.წ. სიძულვილის ჯგუფების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას და მათ დასჯას,  რითაც კვლავ მშვიდობიან აქტივისტთა სამოქალაქო უფლებები ირღვევა, ხოლო მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ექცევა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.


დღეს რესპუბლიკის მოედანზე „რიონის ხეობის მცველების“ აქცია ორმა სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა და სალომე ბარკერმა დატოვეს. სალომე ბარკერი ამბობს, რომ აქციაზე მყოფმა გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა მას ლგბტქ სიმბოლიკის სამკლაურის მოხსნა და აქციის დატოვება მოსთხოვა.