საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე დისკუსიას კიდევ ერთი ევროპარლამენტარი გამოეხმაურა. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ანჟეი ჰალიცკი Twitter-ზე წერს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე უარის თქმა სამართლიან არჩევნებზე უარი და 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა.
„ჩვენ, ევროპის პარლამენტში საქართველოს მეგობრები მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არ გათავისუფლება ამ შეთანხმების დარღვევას და სამართლიან არჩევნებზე უარის თქმას ნიშნავს. გაათვისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!“ – წერს ანჟეი ჰალიცკი.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებისას ოპოზიციამ დასვა. ოპოზიცია პატიმრობიდან გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული საქმეების შეჩერებას მოითხოვდა. ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ამ მოთხოვნას დასთანხმდა, რაც 8 მარტის ხელშეკრულების მეორე პუნქტში აისახა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და კონკრეტული პირების გათავისუფლების მოთხოვნა სასამართლოსა და პროკურატურაზე ზეწოლას ნიშნავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინდელ განცხადებაში დაადასტურა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა, თუმცა, თალაკვაძის მტკიცებით, „ოცნებისგან“ პასუხად მათ მიიღეს, რომ აღნიშნული პირების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკების საგანი ვერ გახდებოდა.
პოლიტიკური პატიმრების საკითხი შესაძლოა, შეთანხმების ჩაშლის მიზეზი გახდეს. ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე არ აპირებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტპატიმრების თემას გამოეხმაურნენ უცხოელი დიპლომატები, ევროპარლამენტარები და ამერიკელი სენატორები.