გაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – „ბულვარის მცველები“ წულუკიანს მიმართავენ

პუბლიკა

ბათუმის ბულვარის მცველები „ბათუმი ამბასადორის” საქმეზე თორნიკე რიჟვაძეს და თეა წულუკიანს მიმართავენ.

„ბათუმელები ისევ ვიბრძვით ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათისა და იდენტობის-ბათუმის ბულვარის გადასარჩენად. ბათუმელების პროტესტის მიუხედავად,  ისტორიული პარკის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ხეივანში „ამბასადორი ბათუმი“ 19-სართულიან სასტუმროს აშენებს. სასტუმროს მშენებლობაზე უკანონო ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა“, – ნათქვამია მიმართვაში.

მშენებლობის ნებართვის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმელებმა  საჩივრით მივმართეთ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრს – მაია ხაჯიშვილს.

აქვე ნათქვამია, რომ 2 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 თვით გააგრძელა „ამბასადორი ბათუმის” საქმის განხილვის ვადა, რაც „ამბასადორს“ აძლევს შესაძლებლობას, დაწყებული მშენებლობა სასამართლო განხილვამდე დაასრულოს და არსებული სარჩელი ამ საფუძვლით არ დაკმაყოფილდეს.

„მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან 1 დღის ვადაში მიიღო, თანაც ისე, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ. ვინაიდან ეს დავა არ განეკუთვნება განსაკუთრებით რთულ კატეგორიას იმისთვის, რომ სასამართლოს ამ ვადით მუშაობის საჭიროება დაენახა, ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ქმედება მიმართულია არა საქმის ობიექტურად  და სრულყოფილად შესწავლისაკენ, არამედ საქმის გაჭიანურებისკენ“, – წერია მიმართვაში.

საკითხზე პოლიტიკური რეაგირების მიზნით, ბათუმის ბულვარის მცველები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს,  თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ და მოითხოვენ: 

„ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი გავრცელდეს „ამბასადორი ბათუმზეც“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათილად ცნოს „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობის ნებართვა.

ბატონო თორნიკე, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 30 მარტს გაახმოვანეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ახალი მშენებლობების დაწყებაზე, გამოცხადდებოდა სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. მორატორიუმის გამოცხადებით აჭარის მთავრობამ, ერთი მხრივ, აღიარა პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი, მეორე მხრივ, შეუძლებელი გახდა ამ მორატორიუმის გზით შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე.

ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბატონი რიჟვაძის ეს გადაწყვეტილება გავრცელდეს მიმდინარე სადავო მშენებლობაზეც – „ბათუმი ამბასადორზე“. ვთხოვთ მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მიმართოს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს”, რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კანონიერება ხელახლა, სრულყოფილად შეისწავლოს, რათა სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

პოლიტიკური ნების საფუძველზე, „ამბასადორი ბათუმზე“ მორატორიუმის გავრცელებით, სააგენტოს კვლავაც შეუძლია, ბათილად ცნოს მის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო ნებართვა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

უკვე დასრულებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს აზრს უკარგავს და განაშენიანების გეგმის არსს მნიშვნელოვნად ასუსტებს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც საბაღე-საპარკე დანიშნულების ძეგლზე 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემით მიიღო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ.

ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 28 აპრილს არის დანიშნული. განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარის დასაცავად, აუცილებელია, დაუყოვნებლივ გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას.“