„ქართული ოცნების“ პარლამენტი ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისინიას, მომავალ წლებში სტუდენტთა მისაღები კვოტების რაოდენობის შესახებ შეკითხვა დაუსვა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
ზვიად გაბისონია პასუხად აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „რთულია განისაზღვროს“ რა იქნება ორი წლის შემდეგ.
მისი განმარტებით, მიმდინარე წელს სტუდენტთა მისაღები კვოტის შემცირება არ იგეგმება, მაგრამ ყოველწლიურად მოხდება კვოტის განსაზღვრა, „წლევანდელი კვოტირება შეიძლება განსხვავდებოდეს მომავალი წლის კვოტირებისგან, ორი წლის შემდეგ კვოტირებისგან… ხუთი წლის შემდეგ კვოტირებისგან და ა.შ“
სოზარ სუბარმა გაბისონიას ჰკითხა:
როცა ლაპარაკია, რომ 2026 წელს გაიზრდება აბიტურიენტების რაოდენობა, მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაამთავრებენ და ორმაგი იქნება აბიტურიენტების რაოდენობა, მისაღები რაოდენობა იგივე რჩება და პრაქტიკულად ეს იწვევს, რომ ერთი მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება უფასო ხდება, ეს არის ამ კანონის მთავარი პრიორიტეტი. მეორე მხრივ, უცებ მიაწყდება უამრავი ადამიანი, ორჯერ მეტი, ბევრი ადამიანი დარჩება გარეთ და მოუწევთ ფასის გადახდა და იმ ფასიანსაც თუ აქამდე სახელმწიფო რაღაც დონეზე აფინანსებდა, აღარ აფინანსებს და ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ოჯახების რაღაც ნაწილი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება და ამის დარეგულირება როგორ ხდება?
ზვიად გაბისონია ამბობს, რომ წელს სტუდენტთა მისაღები კვოტების შემცირება არ იგეგმება.
„მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით დადარება და რაოდენობა იგივე იქნება შენარჩუნებული, ხოლო თანდათან ყოველწლიურად მოხდება გადათვლა კვოტირების ნაწილისა. ეკონომიკის სამინისტრო ყოველ წელს მოახდენს შრომის ბაზართან დადარებას ამ რაოდენობისა, ამიტომ ამ წუთას გაგვიჭირდება გითხრათ იმ დროისთვის კვოტირების ნაწილი რა იქნება, თუ დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება საჭირო, იმ დროისთვის უფრო მზად ვიქნებით, რომ კონკრეტული პასუხი გაგცეთ.
ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია, რა თქმა უნდა, საუბარია იმ წელზე, როცა ორი კლასი დაამთავრებს ერთდროულად, ანუ ორი ნაკადი იქნება , ჩვენ საქმის კურსში ვართ, უბრალოდ ახლა ამ ტიპის გადაწყვეტილება არარელევანტური იქნება რადგან, ორი წლის მერე რა იქნება ცოტა რთულია განვსაზღვროთ.
…დამოკიდებულია იმ პერდიოში კვოტირება რამდენი იქნება ზოგადად, შესაბამის პროგრამებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყოველწლიურად მოხდება დაზუსტება შესაბამისი კვოტირების, წლევანდელი კვოტირება შეიძლება განსხვავდებოდეს მომავალი წლის კვოტირებისგან, ორი წლის შემდეგ კვოტირებისგან… ხუთი წლის შემდეგ კვოტირებისგან და ა.შ.“,- ამბობს გაბისონია.
განათლების მკვლევართა ნაწილი დაანონსებული ცვლილებებისა და არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვარაუდობს, რომ მისაღები სტუდენტების რაოდენობისა და პროფესორ მასწავლებლების შემცირება გარდაუვალია, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა კი ბოლო გამოსვლისას განაცხადა, რომ მისაღები სტუდენტების კვოტა არ შემცირდება.
„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები სახელოვნებო უნივერსიტეტებთან ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობენ.
სამუშაო პროცესში უნივერსიტეტებმა კულტურის სამინისტროდან მიიღეს სამუშაო ფაილი, რომელშიც თითოეული უნივერსიტეტის მიხედვით ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებია ჩამოთვლილი. „პუბლიკას“ ეს ფაილი წყარომ მიაწოდა და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად სახელოვნებო უნივერსიტეტის რექტორებსა და კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით.
სამუშაო ფაილში ჩარიცხვებისა და კურსადამთავრებულთა ბოლო წლების საშუალო მონაცემები და ჩარიცხვის კვოტებზე გრაფებია აღნიშნული.
მაგალითად, სამხატვრო აკადემიის გასწვრივ გრაფაში წერია, რომ ჩარიცხვის კვოტა 82-ია; თეატრისა და კინოს ჩარიცხვის კვოტა – 92; კონსერვატორიისაც – 92;
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელოვნებო უნივერსიტეტებში ჩასარიცხი სტუდენტების კვოტის სწორედ ასე განსაზღვრას სთავაზობს სამინისტრო უნივერსიტეტებს – ამ შეკითხვის პასუხად ყარამან ქუთათელაძემ გვითხრა, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მათ გადაუგზავნეს თავიანთი მოსაზრებები და ირაკლი კობახიძემ უკვე დაამშვიდა საზოგადოება, რომ „მისაღები კვოტები არ შემცირდება“.
ყარამან ქუთათელაძის თქმით, სამხატვრო აკადემია ყველა ფაკულტეტზე ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტს იღებს.
მისივე თქმით, მისთვის მთავარი სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვაა; მეთოდოლოგიის შესახებ კითხვებზე პასუხებისთვის კი კულტურის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
კონსერვატორიაშიც იგივე განგვიცხადეს, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მეთოდოლოგიაზე კითხვებს ვერ უპასუხებენ.
ჩვენს კითხვებზე კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვწერა, რომ „ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ვმუშაობთ დარგის სპეციალისტებთან ერთად და საქმიანობას ვახორციელებთ გამჭვირვალედ“. კონკრეტულ შეკითხვებზე კი პასუხი არ მიგვიღია.