გაბიტაშვილი: მიიღეს გადაწყვეტილება, აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა

პუბლიკა

ლაშა გაბიტაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს – მისი თქმით, მან ორმაგი მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო, რის შემდეგაც მიმართა იუსტიციის სახლს, რომ შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქეობაც, თუმცა უარი მიიღო.

„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება – მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება საქართველოში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.

მე ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ჩემი ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ, იუსტიციის სახლს მივმართე, რომ შენარჩუნება მომხდარიყო ჩემი მოქალაქეობის. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე და პირიქით, განვაცხადე, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ, უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა. აუცილებლად გავასაჩივრებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, იმისთვის, რომ დავიბრუნო საქართველოს მოქალაქეობა. ისინი ვერ წამართმევენ სამშობლოს”, – განაცხადა მან.

„პუბლიკა“ ცდილობს დეტალების დაზუსტებას იუსტიციის სახლში – პასუხის მიღებისთანავე განახლდება მასალა.

ლაშა გაბიტაშვილს 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში დაიწყო, სადაც დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. მათი თავდასხმა კი გამოწვეული იყო წინა დღის შემთხვევით, როდესაც „ქართული ოცნების” დეპუტატებს გაბიტაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ინციდენტის შემდეგ, გაბიტაშვილი და დეპუტატები ადგილობრივმა პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ირაკლი ზარქუას განცხადებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ მათ აბუ-დაბის დატოვების საშუალება მიეცათ.

თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა. აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში შეხლა-შემოხლის დროს დეპუტატები მას დაემუქრნენ სიტყვებით – „ჩამოხვალ შენ თბილისში“.