გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროში უკრაინის ელჩმა, სერგი კისლიცამ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ელჩს, ვასილი ნებენზიას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ რუსეთი თავდასხმას შეაჩერებს, მაშინ მან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს.
„მინდა მოვუწოდო რუსეთის ფედერაციის ელჩს, დაგვიდასტუროს, რომ სწორედ ახლა თქვენი სამხედროები ბომბებს არ დაუშენენ უკრაინის ქალაქებს. რომ თქვენი ჯარები არ შეიჭრებიან უკრაინის ტერიტორიაზე. სმარტფონი გაქვთ და შეგიძლიათ ახლავე დაურეკოთ ლავროვს. ჩვენ დავიცდით. გარეთ გაგიშვებთ და დაურეკეთ. თუ თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება, რომ ეს დამიდასტუროთ, მაშინ რუსეთის ფედერაციამ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა უნდა დათმოს. ეს პასუხისმგებლობა კი საბჭოს ლეგიტიმურ წევრს გადასცეს. იმ წევრს, რომელიც პატივს სცემს საბჭოს ქარტიას. ვთხოვ უშიშროების საბჭოს წევრებს, რომ სასწრაფოდ მოიწვიონ საგანგებო სხდომა და განიხილონ ყველა საჭირო გზა ომის შესაჩერებლად. რადგან, ძვირფასო კოლეგებო, უკვე ძალიან დაგვიანებულია ესკალაციაზე საუბარი. ძალიან დაგვიანებულია“, – განაცხადა კისლიცამ.
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე აპირებდა, რუსეთის ელჩისთვის ეთხოვა, დაედასტურებინა, რომ რუსი სამხედროები დღეს ცეცხლს არ გაუხსნიდნენ უკრაინელებს, თუმცა ეს 48 წუთის წინ უსარგებლო გახდა, რადგან „თქვენმა პრეზიდენტმა უკრაინას ომი გამოუცხადა“.
კისლიცა: რუსეთის პრეზიდენტმა ომი გამოაცხადა. თქვენი პრეზიდენტის ვიდეო ხომ არ ჩავრთო? ხომ არ ჩავრთო ახლავე და თქვენც შეძლებთ დაადასტუროთ. თუ შეიძლება, ნუ მაწყვეტინებთ, მადლობა.
ნებენზია: მაშინ ნუ მისვამთ კითხვებს თქვენი გამოსვლის დროს. განაგრძეთ თქვენი სიტყვა.
კისლიცა: მოკლედ, თქვენ გამოაცხადეთ ომი და ამ საბჭოს პასუხისმგებლობა კი ომის შეჩერებაა. ასე რომ, თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა ომი შეწყდეს.
დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.