საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციების უმრავლესობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ დღეს საბჭოს რეგულარული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ბრიფინგზე შეზღუდვების გაუქმებასა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ჟურნალისტის შეკითხვას დაბალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე, როცა რეგულაციების უმრავლესობა მოიხსნა, როგორ გეგმავს სამინისტრო პანდემიის გავრცელებასთან გამკლავებას უპასუხა:
„ეპიდემიური სურათი „ომიკრონის“ ფონზე განსხვავებული ჩამოყალიბდა და, შესაბამისად, განსხვავებული მიდგომაა საჭირო მისი კონტროლისთვის. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას.
ვაქცინაციისთვის მთავარი მასტიმულირებელი აქამდეც იყო ფინანსური წახალისების მექანიზმი; გარკვეული როლი შეასრულა „მწვანე საშვთან“ დაკავშირებულ რეგულაციებმა, მაგრამ ეს იყო ლიმიტირებული ეფექტი.
პირველი მარტიდან რიგი შეზღუდვები მოიხსნება რამაც პრაქტიკულად „ომიკრონის“ პირობებში ეფექტიანობა დაკარგა. მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და გავყვეთ იმ პროცესებს, რაც არის რეკომენდებული მართვის კუთხით. ეტაპობრივად შემსუბუქდება შეზღუდვები.
გარკვეული შეზღუდვები პირველი მარტიდან უქმდება, ნაწილი – 15 მარტიდან.
რაც ყველაზე ბაზისურია – პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ბაზისური ჰიგიენური დაცვისთვის რეკომენდაციები ძალაში რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის დაცვა.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბუსტერდოზის გაკეთება მნიშვნელოვანია და სამინისტრო მუშაობს ვაქცინების დოზების შევსებაზე. მისივე თქმით, ყველა ის ღონისძიება, რომელიც ვაქცინაციის ტემპს უზრუნველყოფს, გააქტიურდება.