გაბუნია: „ომიკრონი“ პირველი ორი შემთხვევის ყველა კონტაქტს დაუდასტურდა

პუბლიკა

თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის 24 შემთხვევა დადასტურდა. ოცდაოთხივე შემთხვევა დაკავშირებულია ორშაბათს გამოვლენილ პირველ ორ შემთხვევასთან. მისი თქმით, ყველა პირი ვაქცინირებულია და მიმდინარეობა არის მსუბუქი ან საშუალო.

„უკვე 24 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის, ყველა ერთი კოჰორტაა. პირველი ორი შემთხვევა, რომელიც გამოცხადდა ორშაბათს მათი კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. მათ ყველას დაუდასტურდა და ყველა ვაქცინირებულ იყო. მიმდინარეობა მსუბუქი, ან საშუალოა. ის ვაქცინები, რომლებიც გვაქვს, არის ეფექტური ჰოსპიტალიზაციის, დამძიმების და ლეტალური გამოსავლების თავიდან აცილების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერდოზა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევრიდან.

„ძალიან სწრაფი მატება, სავარაუდოდ, მოსალოდნელია იანვრის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში დელტა შტამის ფონზე გარკვეული სტაბილიზაცია გვქონდა, თუმცა ვაქცინირებულების და ინფექციაგადატანილების ფონზე, ბუნებრივია ველოდებით, რომ ის ჯგუფი, ვინც იმუნური დაცვის გარეშე დარჩა, იქნება პირველი სამიზნე „ომიკორონისთვის„ და გავრცელების ტემპი იქნება მაღალი. გამომდინარე აქედან ვინარჩუნებთ საწოლების რაოდენობას, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, „ომიკრონი“ ძირითადად ვრცელდება 20 დან 45 წლამდე ასაკის მოსახლეობაში.

„კიდე უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების შესახებ. აქ საუბარია იმაზე, რომ სწრაფად შეუძლია მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა. შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი, თუ აქამდე ვსაუბრობდით 14 დღეზე, ეს პერიოდი სამ დღემდეა ჩამოსული. ძალიან სწრაფად ჩნდება დაავადების ნიშნები. უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ახალგაზრდებზეა ორიენტირებული. მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის შემთხვევებია უპირატესად, თუმცა აქაც გამორიცხული არაა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება“, – განაცხადა გაბუნიამ.