გაბუნია: საწოლების მობილიზაციის მექანიზმი შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კოვიდპანდემიის დროს გამოუყენებელი საწოლებისა და გაფლანგული თანხის შესახებ მინისტრის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პირველივე დღეებიდან მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო სამთავრობო უწყებებთან და აღწერილი იყო მთავრობის დადგენილებაში.

„საწოლების მობილიზაციისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ პანდემიის პირველივე დღეებიდან, მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა და რომელიც შეთანხმებული იყო, ბუნებრივია, ყველა სამთავრობო უწყებასთან, აღიწერა ეს მექანიზმი მთავრობის დადგენილებაში და ამის მიხედვით ვმუშაობდით ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი გამოყოფილი თანხა სწორად დაიხარჯა, რატომ საუბრობს მინისტრი გაფლანგვაზე, გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებას აუდიტის დასკვნამდე ვერ გააკეთებს.

„მსგავსი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს ვერ ექნება, ვიდრე არ იქნება დასრულებული აუდიტის შედეგები“, – ამბობს გაბუნია.


27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი, ამის მიუხედავად, კი, მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების ვადაზე აპელირებენ.

მინისტრის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან აკვირდებოდნენ კლინიკების დატვირთულობას და აღმოჩნდა, რომ პაციენტთა მიღების და გაწერის კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად იზრდებოდა მათი რაოდენობა. მინისტრის მტკიცებით, ზუსტად ამის გამო არ გადაივსო კლინკები პიკურ პერიოდში.

„პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა.

ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს“, – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.