გაჭიანურებული გამოძიებები, დაუსჯელი მენეჯერული რგოლი | EMC სამუშაოზე დაღუპვის გამოძიებებს აფასებს

პუბლიკა

EMC სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა დაღუპვის შემთხვევების გამოძიების შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტი ეფუძნება ორგანიზაციის პრაქტიკაში არსებულ კონკრეტულ (EMC 2018 წლიდან ამ დრომდე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ოთხი საქმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში იცავს დასაქმების ადგილზე დაღუპული ხუთი მუშის ოჯახის ინტერესებს) სისხლისსამართლებრივ საქმეებზე წარმოებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ანალიზს.

EMC ასევე აქვეყნებს სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილ სტატისტიკური ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „იქმნება წარმოდგენა, რომ გამოძიების დაწყების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია ამ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი“:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად:

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე:

2019 წელს 244 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება;

2020 წლის მხოლოდ იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 185 ფაქტზე.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით (შრომის დაცვის წესის დარღვევა)  გათვალისწინებულ დანაშაულს:

2019 წელს 25 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება;

2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 23 შემთხვევაზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციის  თანახმად კი, 2019 წელს სსკ-ის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 36 შემთხვევაში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 20 შემთხვევაში. 2019 წელს სსკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 1 შემთხვევაში იქნა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 4 შემთხვევაში.

EMC აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის  შემთხვევების გამოძიების მეთოდოლოგია; მეთოდოლოგიის არარსებობის გამო კი ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არათანმიმდევრულად და არასრულყოფილად ხორციელდება და ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ:

  • გამოძიების პროცესში დანიშნული საექსპერტო კვლევები უმეტესად ჭიანურდება;
  • უმეტეს შემთხვევებში არ იკვეთება დამსაქმებელი ორგანიზაციის მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
  • საკანონმდებლო რეგულირების გათვალისწინებით,  არ დგება იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  • კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაშიც, უმეტესად,  ფორმდება საპროცესო შეთანხმება და არ ხდება რეალური სასჯელის  (თავისუფლების აღკვეთა) გამოყენება