საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ევროსაბჭოს რეზოლუციის ერთ-ერთი თანასპონსორიც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, დოკუმენტს მხარს ვერ დაუჭერდნენ.
შეკითხვაზე, რატომ არ დაუჭირეს რეზოლუციას მხარი სააკაშვილზე ჩანაწერის გარეშე, სამხარაძე ამბობს, რომ საპროცედურო ნაწილზე დელეგაციის წევრებს უნდა ვკითხოთ.
„რაც შეეხება თემატურად საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიულ სახელმწიფოდ გამოცხადებას, იმავე დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით მსოფლიო საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, სადაც ზუსტად იგივე ტიპის დოკუმენტი გავიდა და საქართველომ მას მხარი დაუჭირა, წინა დღეს ასევე გენერალურ ასამბლეაზე გავიდა ბევრად უფრო მძიმე დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ და იმ დოკუმენტსაც საქართველომ მხარი დაუჭირა, ჯამში 400-მდე მსგავსი რეზოლუცია აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიღებული ბოლო 6 თვეში და 400-ვეს აქვს საქართველოს მხარდაჭერა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო, იყო ის, რომ იქ გაჩნდა სრულიად უაზრო, დამახინჯებული ჩანაწერი, ისიც ფრჩხილებში“, – განაცხადა მან.
ნიკოლოზ სამხარაძის მსგავსად უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეც ამტკიცებს, რომ უმრავლესობის დელეგაცია დოკუმენტს მხარს დაუჭერდა, რომ არა სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები იმის თაობაზე საუბრობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის მთავარი დანიშნულება რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული განცხადების გაკეთება და კონკრეტული ღონისძიების მიღება იყო, ასეთ დროს ეჭვს იწვევს მცდელობები, რომელიც ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტში მიხეილ სააკაშვილის თემის შეტანას გულისხმობს. ეს თემა რომ არ გაჩენილიყო, რეზოლუციას საქართველოს მხრიდან ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერა ექნებოდა. სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა მან.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სატელიტები რადასა და ევროსაბჭოში უსუსურები იყვნენ, რადგან რეზოლუციამ მხოლოდ 55 ხმა მიიღო,
„600-კაციან დარბაზში იმდენად უსუსურები იყვნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები უკრაინის რადაში და ევროსაბჭოს ფასიანი ლობისტები, რომ 55 ხმით მოხდა მხოლოდ ამ ჩემი აზრით სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა. რატომ? იმიტომ, რომ იქ ჩაიწერა მე-4 პუნქტი, რომ სააკაშვილი, რომელსაც მისჯილი აქვს, თურმე ყოფილა პუტინის პატიმარი“, – განაცხადა ზარქუამ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აცხადებს, რომ ეს არის რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, გმობს ყალბ საერთაშორისო სამართლის პრინციპებით ჩატარებულ რეფერენდუმებს, ანექსიას ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქებში, აღიარებს პუტინის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად.
მისი შეფასებით, რეზოლუციაში ყველაზე ნიშანდობლივი მე-4 შესწორებაა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყო შეტანილი.
„ყველაზე ნიშანდობლივი ამ რეზოლუციაში არის მეოთხე შესწორება. მეოთხე შესწორებაში არის ჩანაწერი, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროპის საბჭო, აღიარებს რეპრესიებს, რომელიც აქვს პუტინის რეჟიმს. ამ შესწორებაში რეალურად არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, როგორც უკრაინის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ევროსაბჭოს მიერ გაკეთებულია ძალიან ნიშანდობლივი განცხადება და მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ყარამურზასთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, – განმარტავს ის.
დეკანოიძის შეფასებით სირცხვილია, რომ ამ რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხმა არ აქვს.
„მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მომიზეზებაა!“, – ამბობს ის.
მე ცოტა გაოცებული ვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის იმ პუნქტის გარეშე დაეჭირა მხარი, რომელიც პრობლემურია სააკაშვილთან დაკავშირებით, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
ის ელოდება, რომ საქართველოს პარლამენტში დაინიციირდება რეზოლუცია, რომელშიც არ იქნება მოხსენიებული სააკაშვილი, მაგრამ გაიზიარებს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას.
„შეეძლოთ იმ პუნქტისთვის არ მიეცათ ხმა და ხმა მიეცათ რეზოლუციისთვის. რადგან ამბობენ, რომ ეს პუნქტი გახდა პრობლემა და რეზოლუციას ეთანხმებოდნენ, მაშინ მეც და ალბათ, ყველა სხვა, ველით, რომ ამ პარლამენტში დააინიციირებენ რეზოლუციას, რომელშიც არ წერია სააკაშვილის თაობაზე და წერია ყველა სხვა დანარჩენი, რაც იმ რეზოლუციაში იყო და ამბობენ, რომ ხმის მიცემა უნდოდათ. შესაძლოა, ამაზე მუშაობს კიდეც უმრავლესობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში, მე-4 პუნქტში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.
თავდაპირველად „დროამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რეზოლუციას მხარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, მათ შორის, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა არ დაუჭირეს, თუმცა მოგვიანებით ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ მან რეზოლუციის ძირითად დოკუმენტს, მე-4 შესწორების გარეშე დაუჭირა მხარი.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10-14 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო ასამბლეის სესიზე დასასწრებად, მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი, დელეგაციის წევრები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, გივი მიქანაძე, ლევან იოსელიანი და ხატია დეკანოიძე გაემგზავრნენ.