რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოში რუსული კანონის წინააღდეგ დემონსტრაციებს გამოეხმაურა.
მისი მტკიცებით, საქართველოში კანონი ყველაზე რბილია, განსხვავებით დასავლური ქვეყნებიდან.
„საქართველოში დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი გადააქცია სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ყველაზე რბილია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაშია კანონი ჯარიმებით და სისხლის სამართლის პასუსიხმგებლობით, თუ ფულს იღებ, ამის შესახებ არ ლაპარაკობ და ამით დამატებით ფულს შოულობ. საქართველოში კი მარტივია, ძირითადად, თუ შენი ორგანიზაციის 20%-ზე მეტის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებ, უბრალოდ დაადეკლარირე”. – თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს მმართველმა პარტიამ მეორედ დააინიციირა და I მოსმენით მხარიც დაუჭირა, დასავლური ქვეყნების ლიდერები ეწინააღმდეგებიან, ხოლო მხარს – პუტინის რუსეთის წარმომადგენლები უჭერენ.
რუსული კანონი „ქართულმა ოცნებამ” 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს.
მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.
ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.
საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.