გადაჭარბებულია თქმა იმისა, რომ უკრაინაზე ჩემი და მთავრობის პოზიციებში დიდი განსხვავებაა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ეს ზუსტი დახასიათება არაა. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ესეც დიდ რაღაცას ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის. ამავდროულად ვმონაწილეობთ ყველა რეზოლუციაში, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერადაა მიღებული. ასე რომ, ვფიქრობ, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ დიდი განსხვავებაა. შეიძლება [ამის მიზეზი იყოს] სიტყვები, რომელთაც მთავრობა იყენებს“, – უპასუხა პრეზიდენტმმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც უკრაინის მიმართ მისი და მთავრობის განსხვავებულ პოზიციებს შეეხებოდა.

ინტერვიუსას წამყვანმა ქრისტიან ამანპურმა მას ჰკითხა: „თქვენ ძალიან ხმამაღალი იყავით თქვენს მხარდაჭერაში და ამას ახლაც ადასტურებთ უკრაინელი ხალხის მიმართ. მმართველი პარტია, მთავრობა ასე არ ყოფილა, მათ უარი თქვეს, შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. არ გაუგზავნიათ რაიმე მატერიალური დახმარება თავდაცვისთვის. რატომ გადგა გვერდით თქვენი მთავრობა?”

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება ძალიან უჭერს მხარს უკრაინას.

„ამას ნახავთ, თუ თბილისში ჩამოხვალთ და იმედი მაქვს ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ ყველგან უკრაინის დროშებია. ბევრი ინიციატივებია თავად მოსახლეობის მხრიდანაც, რათა აჩვენონ და წარმოაჩინონ მათი მხარდაჭერა, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს რუსული აგრესიის ორსაუკუნოვანი საერთო ისტორია. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ სოლიდარულები უკრაინის მიმართ.

თუ შეკითხვა ეხება უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას, ეს არის ის რაზეც მხოლოდ გამეღიმება. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვინც შეიარაღებას გაგზავნიდა. ბევრი სხვა ქვეყანა, რომელთაც მე-5 მუხლი იცავთ, შეუძლიათ ამის გაკეთება და აკეთებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნები დაცულები არიან და აქვთ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, სრულად უკრაინის პრეზიდენტის მხარეს ვდგავარ და ვამბობ, რომ ვისაც მეტი შეუძლია, მეტი უნდა გააკეთოს.“