ევროპარლამენტარების ჯგუფი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. 7 ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკურ ძალებს გამონახონ კომპრომისი, დააყენონ ხალხის ინტერესები წინა პლანზე და აიღონ პასუხისმგებლობა კრიზისის მოგვარებაზე. ევროპარლამენტარები წერენ, რომ ქართული დემოკრატიის სტაბილურობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ამ კრიზისის განმუხტვა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოს მომავლისთვის გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, კონსტრუქციულად იმუშაონ კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობისათვის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესანარჩუნებლად ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ეწევა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი საჭიროებები წინა პლანზე დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი გამოიჩენს პასუხისმგებლობას და გამონახავს გამოსავალს არსებული კრიზისიდან.
ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით თქვენი ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გზის გასაგრძელებლად. თუმცა, არსებითი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და როცა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს სათანადოდ შეეძლებათ შეასრულონ თავიანთი როლი.
ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით და ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდამჭერი ზომების სრული სპექტრის იმპლემენტაციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
დევიდ მაკალისტერი
მარინა კალიურანდი
ანდრიუს კუბილიუსი
ვიოლა ფონ კრამონი
სვენ მიკსერი
მაიკლ გალერი
პეტრას აუსრევიჩუსი