„გადადგები!“ – დღეს, 11 აპრილს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ტალღის“ ორგანიზებით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე ყოველ საღამოს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიკრიბებიან.
„მოგვაქვს ჩვენი დამზადებული ბანერები, რომელსაც ყველას აწერია თავზე – გადადგები (და შემდეგ თქვენი სურვილისამებრ, თუ რატომ უნდა გადადგნენ). აქცია არის მდუმარე. ჩვენი სათქმელი ისედაც ყველას ბანერზე გვიწერია“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
იხილეთ მოძრაობის მანიფესტი:
„დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 31-ე წლისთავზე, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას უმძიმესი რეალობის წინაშე, როცა ქვეყანას მართავს რუსეთის ინტერესების გამტარებელი ოლიგარქიული რეჟიმი, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მკვდარია.
საქართველომ, როგორც სახელმწიფომ განიცადა უკუსვლა დემოკრატიული და რეფორმატორული იმიჯის, დასავლეთთან ინტეგრაციის, ეკონომიკური, სოციალური, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა პოლიტიკის მიმართულებით. კვლავ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. დაუცველია ადამიანის უფლებები. გაუქმებულია სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა. რუსეთთან არ გაღიზიანების პოლიტიკით თანმიმდევრულად ვთმობთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
უკრაინის სამართლიანმა ბრძოლამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო ნათლად წარმოაჩინა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რაც შავ ლაქად აისახა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.
ასეთ ვითარებაში, უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი ეკისრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ, ინდივიდებმა უნდა შევქმნათ თავისუფალი პლათფორმა, გაერთიანება ყოველგვარი დათქმების, წინაპირობების, წითელი ხაზების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ვეძახით ყველას ასაკის, სქესის, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, ეროვნების, პოლიტიკური კუთვნილების, თუ სიმპატიის…. მიუხედავად. ვეძახით ამ ქვეყნის გადასარჩენად!
დადგა დრო, თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ტექსტის მკითხველმა, გამზიარებელმა, მხარდამჭერმა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე და შევთანხმდეთ ბრძოლის ერთიან გეგმაზე.
თავისუფლების პლათფორმის გამზიარებლები ვთანხმდებით, რომ არსებულ ვითარებაში, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ხელისუფლების გადადგომა, რომლის შემდგომი ნაბიჯიც ვადამდელი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაა.
ჩვენ, საზოგადოება ვაყენებთ ხელისუფლების გადადგომის საკითხს, რაც პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელად ვერ აქციეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.
ჩვენ, საზოგადოება ვიწყებთ თანმიმდევრულ ბრძოლას თავისუფლებისათვის!
ამ ბრძოლაში გადამწყვეტი და არა რიგითი როლი ეკისრება თვითოეულ ჩვენგანს.
ამ ბრძოლის ადგილი უნდა იყოს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ახალციხე.. ყველა ქალაქი და მთელი ქვეყანა!
ამ ბრძოლის მონაწილე უნდა გახდეს თითოეული ემიგრანტი, სწორედ მათი დახმარებით უნდა გაიგოს საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მოქალაქეთა ხმა და მოთხოვნები.
ვინც გრძნობ, რომ კარგავ,
ვინც გვეთანხმები და „მათ“ არ ეთანხმები,
ვინც უიმედოდ ხარ, მაგრამ მაინც შეგიძლია,
ვინც დარწმუნებული ხარ და ემზადები,
ვინც მოდიხარ და სხვებიც მოგყავს,
ვისაც არ გემეტება და არ თმობ,
ვისაც მრავალჯერ დაგზარებია, მაგრამ დღეს უკვე აღარ..
მოდი აქციაზე და (გა)დადექი, უხმოდ. მოდი შენი მოთხოვნით, შენი პრობლემით და არ დაგავიწყდეს მთავარი საკითხი: ხელისუფლება უნდა გადადგეს!
გადადგეს, იმიტომ რომ მონაა!
გადადგეს, იმიტომ რომ გშია!
გადადგეს, იმიტომ რომ არ უერთდება სანქციებს!
გადადგეს, იმიტომ რომ აყალბებს არჩევნებს!
გადადგეს, იმიტომ რომ კორუმპირებულია!
გადადგეს, იმიტომ რომ არ ატარებს სასამართლო რეფორმას….. სია გრძელია და ამ მოთხოვნებს შენ წერ.
ეს იქნება თავისუფალი პლათფორმა, სადაც არავის ექნება ცენზორის როლი, თუ მთავარი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა!
ამ მოძრაობას ვიწყებთ 11 აპრილს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან. ვიკრიბებით ყოველდღე, ერთი და იგივე დროს. დავიწყებთ ცოტანი და გავხდებით ბევრნი! ყოველი შემომატებული ადამიანით მივუახლოვდებით პარლამენტის შენობას. დავდგებით წრეზე, მოედნის ობელისკის გარშემო და გავიშლებით თეთრ ზოლზე რუსთაველისკენ.
გამოდი, რომ შეცვალო და გადაარჩინო მომავალი, გადაარჩინო შენი ქალაქი და შენი ქვეყანა!
იმიტომ რომ შენ ხარ მომავალი, შენ ხარ ქალაქი და შენ ხარ ქვეყანა!“, – აცხადებს ტალღა.