"გადადგეს მკვლელი მთავრობა" - პარლამენტის წინ აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

გადადგეს მკვლელი მთავრობა – ამ მოწოდებით დღეს, პარლამენტთან აქცია დაიგეგმა.

“ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!”

– ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს “სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: “ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლების ჰქონდა ჩამტვრეული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.