„პირდაპირი ანტივირუსული ეფექტის მქონე მედიკამენტი, რომელიც სარწმუნოდ განკურნავს კორონავირუსულ ინფექციას, ასეთი ჯერ არ არის და ოფიციალურად არცერთ მათგანს რეკომენდაცია არ აქვს”, – ამის შესახებ „ქრონიკას” ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით უკვე იტესტება რამდენიმე მედიკამენტი, რომელიც შესაძლოა არაპირდაპირი განკურნების, მაგრამ სიმპტომების შესუსტების ეფექტს იძლევა. მისი თქმით, ამ ტიპის 6-7 მედიკამენტი მსოფლიოში უკვე გამოიყენება.
„ასეთი მედიკამენტები, ერთის გარდა, ჩვენ ყველა გვაქვს. ის ერთი მედიკამენტი არ არის მსოფლიოში, მას აწარმოებს კომპანია „Gilead” და სხვა დაავადებების შემთხვევაში მას არ გამოიყენებდნენ. მას გამოიყენებდნენ მხოლოდ ებოლას სამკურნალოდ და ახლა ამერიკის წამყვანი ინსტიტუტები სწავლობენ მის ეფექტურობას. ამბობენ, რომ ისიც არ არის 100-%-იანი განკურნების გარანტი, თუმცა ყველა სხვა მედიკამენტზე უკეთესი შედეგები აქვს. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადადგა უკვე ნაბიჯები იმისთვის, რომ გამოიყენოს ჩვენი მეგობრული კომპანია „Gilead-თან იმისთვის, რომ ეს მედიკამენტი მივიღოთ სხვა ქვეყნებზე ადრე”, – განაცხადა ცერცვაძემ.
„Gilead” ის კომპანიაა, რომელმაც საქართველოს მილიონობით დოლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გადასცა „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის” ფარგლებში.