„გადაიხედოს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემა და გაიზარდოს მინიმალური ანაზღაურება" - საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“

პუბლიკა

„გადაიხედოს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემა და გაიზარდოს მინიმალური ანაზღაურება“ − საზოგადოებრივი ალიანსი „მასწავლებლებისთვის“, − ასეთია საზოგადოებრივი ალიანსის − „მასწავლებლებისთვის“ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ორგანიზაციამ მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებისთვის შეიმუშავა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების საბაზო ანაზღაურება გაიზარდოს და გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურების მაჩვენებელს. მეორე მხრივ, საჭიროა მასწავლებლების ანაზღაურების გამოთვლის დროს გათვალისწინებულ იქნას სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაში მასწავლებლის მონაწილეობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობისთვის და აკადემიური როლის შეთავსებისთვის დათმობილი დრო. ასევე, სამუშაოს სპეციფიკის და სამუშაო დატვირთვის კომპონენტების კორექტირება მასწავლებლების რეალური დატვირთვისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

ამასთან, შესაძლოა, მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურების მიღების სქემა ითვალისწინებდეს რეგიონის/მუნიციპალიტეტის დანამატს განსაკუთრებული გამოწვევის ან სხვა მახასიათებლების გამო, მასწავლებლების მოზიდვისა და პროფესიაში შენარჩუნების მიზნით”, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნულია, იმისათვის, რომ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროცესები წარმატებულად მიმდინარეობდეს, მნიშვნელოვანია ადგილზე კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების არსებობა, რომლებიც დაეხმარებიან კოლეგებს საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

„დღესდღეობით, პროფესიული განვითარების, ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის მიდგომები მასწავლებლებს შორის ავთენტურ თანამშრომლობას არ ახალისებს, ცალკეულ შემთხვევებში კი, იწვევს მათ შორის კონკურენციის გაძლიერებას და არაკოლეგიალური გარემოს შექმნას”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებლების კეთილდღეობის პოლიტიკის შემუშავებაც.

„მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობა და პრესტიჟი, გარდა ანაზღაურების პოლიტიკისა, მნიშვნელოვნად განისაზღვრება მასწავლებლების სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობით, რომელიც სცდება ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობას.

სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობის დაწყება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მასწავლებლების პროფესიაში მოზიდვის, არამედ მათი პროფესიაში შენარჩუნებისთვისაც. აუცილებელია, კეთილდღეობის პოლიტიკის ფარგლებში, დისკუსია დაიწყოს მასწავლებლების სოციალური და ეკონომიკური სტატუსის, მათ შორის ჭარბვალიანობის, საბინაო პოლიტიკის, საპენსიო სქემის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალური დაცვის სისტემების შესახებ”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.


დოკუმენტის შესახებ:

საზოგადოებრივი ალიანსის – „მასწავლებლებისთვის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში, ერთი მხრივ, აღწერილია ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების არსებულ სისტემაშია, მეორე მხრივ კი, პროფესიულ წრეებსა და პედაგოგებს სადისკუსიოდ შესთავაზა რეკომენდაციები, რომელიც პედაგოგთა რეალურ პროფესიულ უწყვეტ განვითარებას შეუწყობს ხელს და არ იქნება „დღეს არსებული სისტემის მსგავსად ფორმალური”.

როგორც პედაგოგები განმარტავენ, პროფესიული განვითარების ყველაზე გავრცელებული ფორმა ტრენინგებში მონაწილეობა და პროფესიული ლიტერატურის კითხვაა. გასული ათწლეულის განმავლობაში სწორედ ტრენინგები იქცა მასწავლებლების გადამზადების მთავარ კომპონენტად, რაც მათი აზრით ფორმალური პროცედურაა და ნაკლებად განიხილავენ, როგორც ცოდნის გადაცემის ან პრაქტიკის გაუმჯობესების მექანიზმს.