გადამოწმება სჭირდება, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ PSP-ს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესახებ.

„ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია – PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს – ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, გადამოწმება სჭირდება – გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ.

ამას სჭირდება რეაგირება. მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, –  თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა PSP-ს სააფთიაქო ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მათი ცნობით, პრემიერის განცხადება მოულოდნელი იყო, ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლიათ და ამ საკითხზე ოფიციალური პოზიციის არსებობის შემთხვევაში მიაწვდიან მედიას ინფორმაციას.

განახლება: PSP-ში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. მათი ცნობით, ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.

„PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფრომაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, იმედს ვიტოვებთ ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება, “- ამბობენ კომპანიაში.