საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) კომპანიებში „თელმიკოსა“ და „თელასში“ შედის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ისაუბრა.
„გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს და როგორც ვიცით, სერიოზულ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად კომპანიებისგან მივიღეთ. გადამოწმების შედეგად, „თელასის“ და „თელმიკოს“ აბონენტთა 0,1% -ის შემთხვევაში, დაახლოებით 700 აბონენტთან დადგინდა გარკვეული შეცდომები, რომელიც უკვე გასწორებულია. ეს მონაცემები გამოვითხოვეთ კომპანიებისგან. მათ გადაამოწმეს ის საეჭვო დარიცხვები, ეს არის მათი მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ უშუალოდ გვსურს შესვლა და ბილინგის ბაზების ნახვა. ვაპირებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევისწავლოთ მთლიანი პროცესი. ამისთვის შეირჩა თანამშრომელთა ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ორივე კომპანიაში ერთდროულად შევა“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
მისივე თქმით, სემეკი მოქალაქეების საჩივრების საფუძელზე გეგმავს „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესვლას. მისი თქმით, სემეკი ხვალ 12 საათზე დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს კომპანიებში შესვლის საკითხზე.