„გადავარჩინოთ ბახმარო“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში, თელავსა და ბათუმში მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გურიაში, კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე, მდინარეებზე ბახვისწყალსა და მის შენაკად ბაისურაზე დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ.
ისინი აცხადებენ, რომ სამშენებლო ტერტორია მთლიანად მოქცეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში. მათი თქმით, ჰესის მშენებლობა კურორტის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარის ხეობას, არამედ კურორტ ბახმაროსა და რეგიონის მდგრად განვითარებას.
აქტივისტები აცხადებენ, რომ პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ინფორმირების, ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, რაც, მათი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.
ისინი ამბობენ, რომ ჰესის შესახებ მომზადებული სკოპინგის ანგარიშის განხილვა არ შემდგარა ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, ხოლო საკითხი არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ჰიდროელექტროსადგურის დაგეგმილი პროექტის შესაჩერებლად აქტივისტებმა პეტიციაც შექმნეს. მოწინააღმდეგეებს აქვთ ჯგუფი Facebook-ში.
პეტიციით ისინი მოითხოვენ:
1. შეწყდეს მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განხილვა;
2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მიიღონ ბახვი 1 ჰესის მშენებლობის განხორციელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება;
3. დაუყოვნებლივ შეიქმნას გურიის დაცული ტერიტორია გურიის რეგიონის მთიან ზოლში, სადაც აკრძალული იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.
„მოგიწოდებთ, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულ იქნეს კურორტ ბახმაროსა და გურიის რეგიონის საჯარო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, რაც შეგვინარჩუნებს ბუნებრივ გარემოს და მოგვცემს შესაძლობლობას, შეწყდეს მიგრაცია რეგიონიდან, დასაქმდნენ ადამიანები და დაბრუნდნენ ისედაც ხალხისგან დაცლილ გურიის მთიან სოფლებში“, – ვკითხულობთ პეტიციაში.
რა წერია სკოპინგის ანგარიშში
ჰესის მშენებლობის განხორციელებას შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ გეგმავს. „მეწარმეთა და არასამეწარმეო პირთა რეესტრის“ მიხედვით, კომპანია 2020 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი მიხეილ ნიბლაძეა. კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი 2015 წელს სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია „კავკასუს ქლინ ენერჯია“.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის“ მიერ მომზადებული პროექტის სკოპინგის ანგარიში.
განმარტება: სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) ანგარიშში/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სათავე ნაგებობის მშენებლობა, რომლის შემადგენლობაში იქნება: წყალმიმღები, სალექარი, წყალსაგდები და თევზსავალი; ასევე სადაწნეო მილსადენი და ძალური კვანძი.
სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილია ჰესის მშენებლობის სამი ალტერნატიული ვერსია.
I ვერსიის მიხედვით, მდ. ბახვისწყლის 1730-1735 მ ნიშნულებს შორის მოქცეულ მონაკვეთზე მოეწყობა სათავე ნაგებობა დაბალდაწნევიანი, კომბინირებული ტიპის წყალსაშვიანი ნაწილით და გამრეცხი ფარით, გვერდითი ტიპის სანაპირო ზედაპირული წყალმიმღებით, თევზსავალით და სალექარით.
სათავე ნაგებობის ზედა ბიეფში შეიქმნება საათობრივი რეგულირების რეზერვუარი, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი წინასწარი მონაცემებით იქნება 56 346 კვ.მეტრი. რეზერვუარის ნორმალური შეტბორვის დონე იქნება 1745 მ, ხოლო კატასტროფული შეტბორვის დონე 1747 მ ზღვის დონიდან.
წყლით დაიფარება მდ. ბახვისწყლის და მდ. ბაისურასწყლის შესართავი და მის ზედა დინებაში მოქცეული ხეობის ნაწილი ≈ 580 მ სიგრძის მონაკვეთზე.
ანგარიშის მიხედვით, „დეტალურ შესწავლას და შეფასებას საჭიროებს ადგილობრივ კლიმატზე ზემოქმედების რისკები. „ამასთანავე რეზერვუარი იქნება საათობრივი რეგულირების და მასში წყლის დონის ხშირმა ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გეოდინამიკური პროცესების გააქტიურება. საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების შედარებით მაღალია მდ. ბახვისწყლის მარჯვენა სანაპიროს ფერდობებზე. შესაბამისად საჭირო იქნება მარჯვენა სანაპიროს ფერდობის დეტალური საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება“.
II ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით, მდ. ბახვისწყალზე და მის მარცხენა შენაკადზე გათვალისწინებულია ორი დაბალზღურბლიანი დამბის მოწყობა, შესაბამისად მათ ზედა ბიეფებში შეიქმნება მცირე მოცულობის და სარკის ზედაპირის მქონე შეგუბები. მე-2 ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით ბახვი 1 ჰესი იქნება ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დერივაციული ტიპის ჰესი.
პროექტის მიხედვით, ორივე შეგუბების სარკის ზედაპირის ფართობი იქნება 33 587 კვ.მ, მათ შორის მდ. ბახვისწყალზე დაგეგმილი წყალმიმღების 31047 კვ.მ , ხოლო მდ. ბაისურასწყლის წყალმიმღების 2540 კვ.მ.
„დამბების განთავსების ადგილებზე და ზედა ბიეფებში წყლით დასაფარი ტერიტორიები თავისუფალია მცენარეული საფარისაგან და შესაბამისად ნაკლებია ცხოველთა საბინადრო ადგილებზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები. შეგუბების მცირე ფართობისა და სიღრმის გათვალისწინებით მინიმალურია გეოლოგიურ გარემოზე და ადგილობრივ კლიმატზე ზემოქმედების რისკები“, – წერია ანგარიშში.
III ვარიანტის მიხედვით, წყალმიმღებების ზედა ბიეფებში შექმნილი შეგუბების და სამარაგო რეზერვუარის წყლის სარკის ზედაპირების საერთო ფართობი იქნება 34561 კვ.მ, მათ შორის: მდ. ბახვისწყლის წყალმიმღების შეგუბების ფართობი იქნება 27667 კვ.მ, მდ. ბაისურას წყლის წყალმიმღების 2540 კვ.მ და სამარაგო რეზერვუარის 4374 კვ.მ.
პროექტის მიხედვით, მე-3 ალტერნატიული ვარიანტი ძირითადად მე-2 ვარიანტის იდენტურია, მხოლოდ იმ განსხვავებით ამ შემთხვევაში მსგავსად პირველი ვარიანტისა ბახვი 1 ჰესი იქნება საათობრივი რეგულირების, ხოლო წყლის დარეგულირება მოხდება რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეზერვუარის საშუალებით.
„ტერიტორია დახრილია დასავლეთის მიმართულებით და შესაბამისად საჭირო იქნება აღმოსავლეთი ფერდობის ჩამოჭრა. აღსანიშნავია, რომ ფერდობი აგებულია მყარი კლდოვანი ქანებით და შესაბამისად საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკები მინიმალურია“, – წერია ანგარიშში.
სკოპინგის ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.
რას ამბობენ პროექტის მოწინააღმდეგეები
ბახვი 1 ჰესის საწინააღმდეგო პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ სკოპინგის ანგარიში ზედაპირულია და მასში არ არის საფუძვლიანად შეფასებული რისკები და გავლენა ბუნებაზე.
ისინი წერენ, რომ ანგარიშის ონლაინპრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა კრიტიკულ შეკითხვებს ვერ უპასუხეს.
„პროექტის ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური და ენერგეტიკული სარგებლიანობის საკითხი. არ არის გაკეთებული დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი (Cost-Benefit Analysis) ეკონომიურ ჭრილში რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს.
კომპანიის წარმომადგენელი არ ასახელებს ტარიფს, რომლითაც მოხდება გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ, აღნიშნული ჰესის აშენებით გურიის რეგიონს არც ელექტროენერგიის ტარიფი შეუმცირდება, არც ელექტროენერგიის მიწოდება გაუუმჯობესდება, ხოლო ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს შეუქმნის კურორტ ბახმაროში ტურიზმის განვითარებას.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ჰესი ითვალისწინებს ორ შეგუბებას მდინარეებზე ბახვისწყალსა და ბაისურაზე ორი შეგუბების მოწყობას, რამდენადაც ამ მდინარეებს არ აქვთ ჰესის მთელი წლის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის საკმარისი წყალი.
შეგუბებების მოწყობა წყლის ზედაპირის სარკე გაზრდის ტენიანობას ბახმაროში, შეცვლის მიკროკლიმატს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბახმაროს სამკურნალო ჰავასა და ზამთრის სამთო-სათხილამური კურორტის პექსპექტივებზე, რისი პერსპექტივაც არაერთი კვლევის მიხედვით ბახმაროს გააჩნია.
ბახვი 1 ჰესის მშენებლობა შედის მხოლოდ კერძო ინვესტორთა ინტერესებში, რომელთათვისაც ჰესი წარმოადგენს გარანტირებული მოგების წყაროს საზოგადოებრივი ინტერესების ხარჯზე, ხოლო ბუნების, ადგიობრივი მოსახლეობისა და ეკონომიკის სხვა დარგებისთვის ამ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები აქვს“, – აცხადებს ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ წარმომადგენელი.