„გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი!“ – კვირას, 28 მარტს ვაშლიჯვარში საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ.
მათი მოთხოვნებია:
- გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
- დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
- მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
- შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
- შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ასევე პეტიცია გაავრცელა, რომლითაც ითხოვენ გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში კორპუსების მშენებლობაზე და შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი მეწყრის შესასწავლად.