„გადავწყვიტე, შევაჩერო ჩემი მონაწილეობა“ - ჯაფარიძე შუალდური არჩევნების გადადებას ითხოვს

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთავის შუალედირ არჩევნებში მონაწილეობა შეაჩერა. უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2 აპრილის არჩევნები გადადოს.

„ლელოს“ მთელი რესურსები ახლა კონცეტნრირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. უკვე 3 დღეა, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შევაჩერე საარჩევნო კამპანია რუსთავში, სადაც აქტიური შეხვედრები მქონდა მოსახლეობასთან და დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე. თუმცა ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა უკიდურესად დასტრესილი და დაზაფრულია, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღე გადაყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში, პრაქტიკულად, საგანგებო მდგომარეობაში, შეულძებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, უკრაინაში მხოლოდ უკრაინის თავისუფლების ბედი არ წყდება, ეს კი საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, ან „არ სურს გაიგოს“. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს თავისუფლებიც ბედიც წყდება, ამიტომ ყველა რესურსი, მათ შორის, სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს მობილიზებული უკრაინის დასახმარებლად „და ყველამ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ პუტინს და მის მარიონეტებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოს ხელისუფლებაში“.