„გადავწყვიტეთ, ჩვენს ტერიტორიაზე გავაგრძელოთ მშენებლობა“, – ინვესტორი ვაკის პარკში მშენებლობაზე

პუბლიკა

„თუ სახელმწიფოს არ უნდა, რომ გაგვიცვალოს [ადგილი] ან იყიდოს, ჩვენ მით უმეტეს არ გვაქვს სურვილი, რომ რამე გავყიდოთ ან გავცვალოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენივე ტერიტორიაზე გავაგრძელოთ მშენებლობა“, – განაცხადა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, სასამართლოს შემდეგ სახელმწიფოს მიეცა დავალება, რომ აღედგინა კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვა, რადგან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვაკის პარკში მშენებლობა იყო კანონიერი, თუმცა ისინი დასთანხმდენენ ქალაქის მერიის თხოვნას, ჩანაცვლებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ სასამართლოებში და სახელმწიფოს მიეცა დავალება, კონკრეტულად მერიას, აღედგინა ჩვენთვის მშენებლობის ნებართვა, ვინაიდან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს მშენებლობა იყო კანონიერი, მერიის თხოვნითა და მათი დაპირების საფუძველზე, რომ ისინი ჩაგვინაცვლებდნენ მიწის ნაკვეთს, ჩვენ დავთანხმდით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი არ გვქონდა“, – თქვა ზაქაიძემ.

ზაქაიძე აღნიშნავს, ერთი წელი გავიდა იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მერია ჩაუნაცვლებდა კომპანიას ტერიტორიას, თუმცა, მისივე თქმით, გონივრული ვადა უკვე გავიდა.

„ერთ წელზე მეტი გავიდა და მხოლოდ დაპირებებია, რომ ხვალ ან ზეგ რამე კონკრეტულს გვეტყვიან.  ჩვენ შევთავაზეთ უამრავი ობიექტი, მაგათგან კი არც ეთზე თანხმობა არ მოვიდა ჩანაცვლებაზე ან გაცვლაზე. სურვილი ვერ დავინახე მაგათგან, რომ ჩაგვინაცვლებენ ან გაგვიცვლიან.

ყველაფერს აქვს თავისი გონივრული ვადა. მესმის, რომ დაწყებულიყო კონკრეტულად რამეზე მოლაპარაკება და ამიტომ გაწელილიყო დროში, მაგრამ არაფერი არ ხდება და მხოლოდ დაპირებაა, რომ რაღაცას მოგვიძებნიან“, – აღნიშნა ზაქაიძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშრდა თბილისის მერიის პრესსამსახურს. მათი თქმით,  ამ საკითხზე მერიის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


ერთი წლის წინ, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“.

მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.