საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით.
ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე-ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის.
ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება გავუძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან.
მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გააკეთა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. მოგვიანებით გაიმართა ბუნდესტაგის წევრების მედიასთან პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ იგეგმება მოქმედი პროექტებისა და თანამშრომლობების გადახედვა.