ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. სხდომას ჯოსეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მალე შემოგვეტანა დამატებითი შემზღუდველი ზომები რუსეთის წინააღმდეგ პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარებას“, – წერს Twitter-ზე ბორელი.
ბორელის განცხადებით, გუშინდელი შეხვედრის პირველ ნაწილს უკრაინის საგარეო უწყების მინისტრი დმიტრო კულებაც დაესწრო.
ბორელი არ აკონკრეტებს, რა სახის სანქციები დაწესდება. მისი თქმით, მინისტრები შეხვედრაზე პოლიტიკურ მიმართულებაზე შეთანხმდნენ.
„ეს არის პოლიტიკური მითითება: მოდით, გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, უზრუნველყოს იარაღი და სამხედრო შესაძლებლობები. მოდით, გავაგრძელოთ სანქციების დაწესება, რომლებიც გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკის ყველაზე რელევანტურ სექტორებზე და გავაგრძელოთ იმ ადამიანების მიზანში ამოღება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში მიმდინარე ომზე“, – განაცხადა ბორელმა.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი რეფერენდუმები, ასევე პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია.