დავით კეზერაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, დავით კეზერაშვილის მიმართ საქმის წარმოების მიზანი ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ პრობლემების შექმნაა.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მშვენიერაძემ მედიას განუცხადა, რომ „აბსოლუტურად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიმართული იყო ერთადერთი მიზნისკენ, „ფორმულას“ შეემნას პრობლემა“.
„ფორმულა“ საქართველოში დავით კეზერაშვილის ერთადერთი მოქმედი აქტივია. ადვოკატები და არხის ხელმძღვანელები საუბრობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ინსტანცია კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდას დააკისრებდა, იძულებითი აღსრულება არხს დააყადაღებდა.
ამასთან დაკავშირებით გიორგი მშვენიერაძემ განმარტა, რომ იძულებითი აღსრულების შუამდგომლობა ამ მომენტში დაყენებული არ ყოფილა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ასეთ მოთხოვნას არ დააყენებენ.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან მალე და ეს მალე, შეძლება, ნიშნავდეს რამდენიმე კვირას ან თვეს, ამ პროცესის წინაშე არ აღმოჩნდება „ფორმულა“. სამწუხაროდ, ეს არის მიზანი, რომელიც ჩანდა საქმეზე და ესაა მოსალოდნელი შედეგი, რომელიც სურს ხელისუფლებას“, – განაცხადა მან.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ეკვივალენტის ლარში გადახდა დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა გასულ წელს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თავდაცვის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მიმართა.
2021 წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ე.წ. წვრთნების საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესის ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.