მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის – „ფორმულას”, „მთავარი არხისა” და „ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და სამ არხს: „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო.
კომისიის გადაწყვეტილებით, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა.
კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „TV პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს მეხუთე.