გადაწყვეტილებას „ბუსტერ“ დოზაზე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მივიღებთ, გვიან შემოდგომაზე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინის მესამე დოზაზე საუბარი მიზანშეწონილი იქნება მას შემდეგ, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ორჯერადად აიცრება. გადაწყვეტილებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღებენ გვიან შემოდგომაზე.

„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააჟღერა „ბუსტერის“ ინიციატივა და დაიწყო – არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ისრაელმა… ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ახლა გადაწყვეტილებას, რომ მეორე აცრიდან  8 თვის შემდეგ „ბუსტერი“ გააკეთონ. ამ ქვეყნებს, რომელიც მე დავასახელე, ორჯერადად აცრილი ჰყავთ მოსახლეობის 60%.

ჩვენ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. მოდი, ჯერ მესამე დოზით ნუ წავართმევთ ადამიანებს ვაქცინას, ვისაც 2 დოზა სჭირდება. ვაქცინის საკმარისი რაოდენობა არის ჩვენთან, თანდათანობით შემოდის, მაგრამ ამ საკითხზე მოდით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში ვისაუბროთ. ჩემი აზრით, ამ პანდემიის დროს, „ბუსტერი“ საჭირო გახდება. ჯერ, არ არის იმის მტკიცებულება, რომ ეს 6-8-10 თვის შემდეგ იქნება“, – აღნიშნავს გამყრელიძე.