შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება პარლამენტის წინ დადგმული ჯვრის გადატანის შესახებ.
„ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, საინტერესო არ იქნება, მაგრამ ამაზე მსჯელობენ, რა თქმა უნდა – საპატრიარქოც, და გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა იყოს [პარლამენტის წინ დადგმული ჯვარი], თუ უნდა გადაიტანონ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე შეიკრიბნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, სანაცვლოდ კი პარლამენტის შენობის წინ ჯვარი დადგეს.
დღეს, 9 ივლისს დაგეგმილი იყო აქცია სახელწოდებით „სახელმწიფოს პანაშვიდი“, სადაც მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავდნენ და ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რკინის ჯვრის მოხსნას მოითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილი აქცია მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაიდო.